ახალი ამბები
წინასწარ განაწილებული პოზიციები ჯერ არაშენებულ ეკლესიაში
FaceBook
ქუთაისში, ქალაქის ცენტრში ორსართულიანი ეკლესიის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, უკვე წინასწარაა ცნობილი ვინ უწინამძღვრებს ტაძარს.
როგორც ირკვევა, ეკლესიაში,  რომლის პირველი სართულიც ბაგრატ მეფის, ხოლო,  მეორე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის იქნება,  გიორგი (შალამბერიძე) და მამა გრიგოლი(ჭიჭინაძე) იმსახურებენ, თუმცა, ვინ რომელ ტაძარს უხელმძღვანელებს, ჯერ არ იციან.

მამაოები მშენებლობის პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში პირადად აკვირდებიან. მშენებლობაზე მისვლის დროს, ქუთაისიპოსტს ადგილზე ეკლესიის ერთ-ერთი მომავალი წინამძღოლი, მამა გრიგოლი და ეპარქიის ერთ-ერთი მღვდელი, მამა მატათა დახვდა.

მამა მატათამ განგვიმარტა, რომ იგი პროცესს თვალს ადევნებს და მშენებლობას ეხმარება.

თორმეტი მოციქულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურმა, მამა გრიგოლმა კი დაადასტურა, რომ ქალაქის ცენტრში მშენებარე ეკლესიაში ის და ხარების ეკლესიის მღვდელმსახური, მამა გიორგი იმსახურებენ.

"მე და მამა გიორგი ვიქნებით, მაგრამ რომელი სად,  ჯერ გაურკვეველია. ჯერ უნდა ავაშენოთ", - გვითხრა მამა გრიგოლმა. თუმცა, მოგვიანებით განმარტა, რომ მისგან ინტერვიუს აღების ნებართვა მეუფე კალისტრატესთვის უნდა გვეთხოვა.

მშენებარე ეკლესიის ერთ-ერთი წინამძღოლი რომ იქნება, ეს მამა გიორგიმაც დაადასტურა. ხარების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური ამბობს, რომ ქალაქის ცენტრში ეკლესიისთვის ტერიტორიის გადაცემისთვის მან ბევრი იბრძოლა და მეუფემაც დაუფასა შრომა. თუმცა, მამა გირგოლის მსგავსად, არც ის გამორიცხავს, რომ მეუფემ საბოლოოდ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს.

"მე ვირბინე ამ მიწის გადმოცემის თემაზე თბილისში და ეს არ დაუკარგია მეუფეს. მაქსიმალურად ვარ ინფორმირებული, რომ აქ ვიქნები, მაგრამ არ ვიცი ბოლოს რა მოხდება, შესაძლოა, სულ სხვა გადაწყვეტილება იქნას მიღებული", - განაცხადა მამა გიორგიმ.

არსებული ინფორმაციით, ეკლესიის მომავალი წინამძღოლები თავად ზრუნავენ ფინანსების მოზიდვაზეც,  თუმცა, მოძღვრები ამაზე არ საუბრობენ.

ქუთაის-გაენათის ეპარქიას ოფიციალური ინფორმაცია, თუ ვინ აფინანსებს ეკლესიის მშენებლობას,  არ გაუჟღერებია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მშენებლობას პირადად ხელმძღვანელობს მეუფე კალისტრატე. ამას ადასტურებენ ადგილზე დასაქმებულებიც და მოძღვრებიც. მამა გიორგის თქმით, მეუფე ყოველდღე, დღის 11 საათზე მიდის მშენებლობაზე და პირადად აკონტროლებს  პროცესს. მისივე თქმით, მეუფესთან შეხვედრას ჩვენ 9 ივნისს ამავე მშენებლობაზე შევძლებთ.

არიან თუ არა მოძღვრები წინასწარ განაწილებული ჯერ არაშენებულ ეკლესიაში, რამდენი იხარჯება და ვინ აფინანსებს ქალაქის ცენტრში ორსართულიანი ეკლესიის მშენებლობას, ქუთაისიპოსტი მეუფე კალისტრატესგან ამ ინფორმაციის მიღებას შეეცდება.

ცენტრალურ მოედანზე, "მაკდონალდსის" უკან, 740 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ქუთაის-გაენათის ეპარქიას ეკონომიკის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა.

ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის.

პროექტის მიხედვით, ბაგრატ მესამეს სახელზე მშენებარე ეკლესია ბაზილიკური სტილის იქნება. ხოლო, მეორე სართული დავით აღმაშენებლის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა იქნება.


პირველი სართული, ბეგრატ მესამეს სახელობის ტაძრის მშენებლობა

ქალაქის ცენტრში მშენებარე ორსართულიანი ეკლესია


ამავე თემაზე:

ქუთაისის ცენტრში ორსართულიან ტაძარს მალე გუმბათს დაადგამენ (ფოტო)

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ტაძრის მშენებლობა აგვისტოში იწყება


ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტი საპატრიარქომ დაამტკიცა

რეკომენდაციები ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობის პროექტზე, რომელიც საპატრიარქომ დაამტკიცა

მეუფე კალისტრატემ ქალაქის ცენტრში, ის ადგილი აკურთხა, სადაც ეკლესია აშენდება (ვიდეო)
Print