"სად ნახეთ ჩემი აგრესია" - დაპირისპირება საცხოვრისში მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრაზე (ვიდეო)
12:05 / 07.06.2018
ხმაურის ფონზე მიმდინარეობს მერიაში სოციალური საცხოვრისის
მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრა. იუზა უგულავა
საცხოვრისის ბინადრებმა მათ მიმართ აგრესიაში დაადანაშაულეს.
"რატომ ვართ აგრესიული, სად ნახეთ თქვენ ჩემი აგრესია?", - ნახეთ
ვიდეო.
"მოვითხოვთ გადაგვიყვანონ სხვა შენობაში. აქ ცხოვრება არის
შეუძლებელი. ბავშვები გვყავს და ვართ ყოველდღიური საფრთხის ქვეშ.
დასკვნა რომელიც დადეს, არის ყალბი, რადგან როგორც გვეუბნებიან,
დასკვნაში წერია, რომ ჩვენ დავაზიანეთ შენობა", - ამბობს საცხოვრისში
მცხოვრები, მირანდა ნემსიწვერიძე. ისინი მერიას ალტერნატიულ ფართში
გადაყვანაა სთხოვენ, რადგან მათი თქმით, შენობა
საფრთხისშემცველია.
სოციალურ საცხოვრისში ჭერი უკვე მესამედ ჩამოინგრა.
ნიკეას ქუჩაზე 80 ოჯახისთვის მოწყობილ სოციალურ საცხოვრისში მერიის
დაკვეთით უკვე ჩატარდა ექსპერტიზა. 6 ივნისს ქუთაისის მერიამ
გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დასკვნა
საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნა.
"ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
დასკვნით ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში იკვეთება
მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მოკვლევას
კომპეტენტური ორგანოების მიერ და შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა
ქუთაისის მერიის მიერ გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოში", -
ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა,
მერიაში არ განმარტეს კონკრეტულად რომელ ორგანოს გაუგზავნეს
ექსპერტიზის შედეგები.
ქუთაისში, ნიკეს ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სოციალური
საცხოვრისი 2017 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა.
სოციალურ საცხოვრისში არსებული პრობლემები, შენობაში ბენეფიციარების
შესახლების დღიდან გამოიკვეთა. მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანია "სანომ"
საცხოვრისის ოთახები არასწორი კონფიგურაციით მოაწყო, ბენეფიციარებს
მთელი ზამთრის გატარება ბუნებრივი აირის გარეშე მოუწია. შესახლებიდან
6 თვეში კი შენობაში ჭერი ორჯერ ჩამოინგრა.
უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად კომპანია "სანომ"
ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი მიიღო, 2017
წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში,
სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი
დაუჯდა.
მასალის გამოყენების პირობები