ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მთავრობას თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადაყენებისკენ მოუწოდებს
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მთავრობას მიმართავს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობიდან გადააყენოს. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თეა წულუკიანმა წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის შესარჩევ პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას.

"ჩვენ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი იმიტომ, რომ მან წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი თუკი კონსულტაციაში ჩავერთვებით მასთან მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი აარჩიოს. ამიტომ, ჩვენ მას კონსულტაციების მაგიდასთან არ დავუსხდებით და უარს ვამბობთ ამ პროცესში მონაწილეობაზე,"- განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისივე თქმით, თუკი მთავრობა მიმართულია იმისკენ, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი ნახოს და რეალური ცვლილებები გაატაროს, ამისთვის საჭიროა იუსტიციის მინისტრის გადაყენება და ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესის წარმართვა მთავარი პროკურორის შერჩევისას.

წყარო: interpressnews.ge
Print