ახალი ამბები
ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა აღარ შედგება
FaceBook
ჭიათურაში 2018 წლის 4 ივნისს დაგეგმილი მაღაროელთა გაფიცვა აღარ შედგება.
მაღაროში დასაქმებულებმა ადმინისტრაციასთან შეთანხმებას 3 ივნისს, გვიან ღამით მიაღწიეს.

შპს ,,ჯორჯიან მანგანეზმა" მაღაროელებს, რომლებიც ხელფასის 30%-იან ზრდას ითხოვდნენ, ანაზღაურების მხოლოდ 10%-იანი მატება შესთავაზა. 2019 წლის 1 იანვრიდან კი, ზეგანაკვეთურ სამუშაოსა და სადღესასწაულო დღეებში  ბონუსების გაცემის საკითხის გადახედვის პირობა დადო.

კომპანიის პირობები მაღაროელებისთვის მისაღები აღმოჩნდა.

როგორც "მეტალურგიული  და სამთო- ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის" თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე ამბობს,  30%-იანი მატების მოთხოვნა იყო მათი გეგმის მაქსიმუმი, რაზეც დათმობა შეიძლებოდა.

"გაფიცვის დროს იგეგმება პროგრამის მაქსიმუმი და მინიმუმი. 30% იყო მაქსიმუმი, ხოლო 10% ის მინიმუმი,  რაზე ქვემოთაც არ ჩამოვიდოდით. არც ამაზე  მოდიოდა კომპანია, ბოლო წუთამდე  5%ზე მეტს არ თანხმდებოდა, მაგრამ მაინც  მივაღწიეთ  შეთანმხებას. მაღაროს არსებობის ისტორიაში, ხელფასის ასეთი მატება არ ყოფილა", - ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულებმა სრულმასშტაბიანი გაფიცვა 27 მაისს დაანონსეს.

3 260 მაღაროელი ხელფასის 30%-იან ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვით იმუქრებოდა. 

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 867 ლარია.

Print