ახალი ამბები
წყალტუბოს საკრებულომ ცხოველების მენტალური ტანჯვა, ნისკარტის და ბუმბულის მოგლეჯა აკრძალა
FaceBook
წყალტუბოს საკრებულომ ცხოველებთან მოპყრობის დადადგენილება  მიიღო, რომელიც მიმდინარე წლის  25 მაისით არის დათარიღებული. ცხოველებთან ზოოფილური აქტები, ყურების, ყბის ძვლის, ბიბილოს, ნისკარტის, კუდის, ხმის სიმების, კლანჭების, ფრთების, ჩლიქების მოცილება, ბუმბულის მოგლეჯა და "მენტალური ტანჯვა"  -  ეს ცხოველების მოპყრობის არასრული ჩამონათვალია, რომელიც  საკრებულომ დადგენილებით განსაზღვრა. 

დადგენილების მიხედვით, იკრძალება ცხოველის პატრონისგან მიტოვება, ასევე მისი რეკლამაში, კინოგადაღებასა და ფოტოგრაფიაში გამოყენება. 

ჩამოთვლილი ქმედებების გარდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ცხოველებთან მოპყრობის სხვა წესებიც მიიღეს. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის 18 მუხლიანი დადგენილების შეუსრულებლობა ურჩ მოქალაქეებზე სასჯელსაც ითვალისწინებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ  სასტიკი მოპყრობის ჩამდენ პირთა მიმართ ამოქმედდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი. რაც დანაშაულის სიმძიმის მიხედვით: ჯარიმას, გამასწორებელი ერთწლიანი ვადით მუშაობას, ან  თავისუფლების ორი წლის ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

ასევე მეპატრონეს პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა ცხოველი. 

რა პრინციპით შეადგინა წყალტუბოს საკრებულომ დადგენილებაში მითითებული წესები და რატომ გახდა ასეთი სამართლებრივი აქტის დამტკიცების აუცილებლობა  ამ კითხვებზე ქუთაისიპოსტი წყალტუბოს საკრებულოდან პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  

წყალტუბოს საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება სრულად იხილეთ ბმულზე:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი
Print