ახალი ამბები
"4 სოფელი სასმელი წყლის გარეშე დარჩება" - ტყიბულში გრანიტის ქვის მოპოვებას აპროტესტებენ (ფოტო)
FaceBook
ტყიბულის რაიონის სოფელ ქვედა ჭყეპის, ჯონიისა და კოკის მოსახლეობა საჭურიის გორაზე გრანიტის ქვის მოპოვებას ეწინააღმდეგება.
მთაში, რომელსაც ტყიბულელები ნაბეღლავის გორას ეძახიან, სასმელი წყლებია, რომლითაც ოთხი სოფელი მარაგდება. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ამ ქვების ამოღება წყლის სრულ დაკარგვას გამოიწვევს. მათ პრობლემის შესახებ წერილობითი განცხადებები და საჩივრები შესაბამისი უწყებებისთვის და პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის სახელზე დიდ ხანია დაწერილი აქვთ. 


ფოტოები ტყიბულიდან ადგილობრივმა მკვიდრმა, ზურაბ სულამანიძემ მოგვაწოდა.


გრანიტის ქვის მოპოვების დაყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით ადგილობრივები საპროტესტო აქციებს მუდმივად მართავენ.



"ეს არის უნიკალური სასმელი წყალი, რომელსაც არ აქვს არანაირი მინაერთები. ამ გრანიტის ქვების გაციება-გაცხელების ხარჯზე გროვდება წყალი და ეს ქვა თუ არ იქნა, თავისთავად ვერ იქნება წყალი. ფულის გულისთვის როგორ შეიძლება ყველაფრის კეთება", - ამბობს ადგილობრივი, ნოე ქარქაშაძე.

ტყიბულელები კომპანიისთვის, რომელიც გრანიტის ქვის მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს, ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ქვებზე ბრძოლა 1965 წლიდან მერე მიმდინარეობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებულ სსიპ წიაღის ეროვნულ სააგენტოში ტყიბულელებს ეუბნებიან, რომ არსებული სიტუაციის შეფასების მიზნით მიმდინარე წლის 18 აპრილს სააგენტოს სპეციალისტები, ტყიბულის მერის პირველ მოადგილე გიორგი ლომთაძესთან ერთად, განმეორებით იმყოფებოდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ადგილზე.

"გეოლოგიურ ფონდებში დაცულ მასალებზე დაყრდნობით და სააგენტოს სპეციალისტების აზრით, სამთო საქმის წესებისა და ნორმების დაცვით, მოპოვებითი სამუშაოების წარმოებამ ბურღვა-აფეთქებითი მეთოდის გამოყენების გარეშე, არ უნდა გამოიწვიოს წყაროების დაშრობა და წყლის ხარისხის გაუარესება", - ამბობს წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი, მაია ზავრაშვილი.

სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება სწორედ წიაღის ეროვნულის სააგენტოს მიერ ხორციელდება. სააგენტოში ირწმუნებიან, რომ დადგენილი პირობების დარღვევის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

ტყიბულში ამ შეფასების არ სჯერათ და ქვის მოპოვების სამუშაოების შეწყვეტას ოთხი სოფელი ისევ დაჟინებით ითხოვს.
Print