ახალი ამბები
შადრევანი წყლის გარეშე და ანტისანიტარია ქალაქის ცენტრში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ვარლამიშვილისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში, სამი წლის წინ რეაბილიტირებულ შადრევანში წყალი არ მოდის. შპს "გეგი 2013"-ს, რომელმაც ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყო, შადრევნის წყლით მომარაგებაზე არც უზრუნია. კომპანიის დირექტორი, გიორგი მიქაბერიძე ამბობს, რომ ამის უფლება მოსახლეობამ არ მისცა, რადგან, ადგილი ისედაც ტენიანია.

შესაბამისად, შადრევანს უფრო დეკორატიული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ფუნქციური დატვირთვა. თუმცა, ის დიდი ხანია აღარც ვიზუალურადაა მიმზიდველი, რადგან მოსახლეობა ტერიტორიას ყოველდღიურად აბინძურებს. ანტისანიტარიის კერად ქცეული ადგილი კი არ სუფთავდება.

სკვერის მიმდებარედ არსებული სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები ამბობენ, რომ ტერიტორია რამდენჯერმე საკუთარი ძალებით გაწმინდეს, თუმცა, ნარჩენები ყოველდღიურ რეჟიმში მაინც იყრება.

"საპირფარეშოდაა ქცეული ეს სკევრი. წყალი რომ არ მოდის ამ შადრევანში, იმიტომ არის სავსე ბოთლებით. ქალაქის ცენტრში შეიძლება ასეთი რამ ხდებოდეს? წლიდან წლამდე არავინ ასუფთავებს არც სკვერს და არც შადრევანს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შპს "გეგი 2013"-ის დირექტორი, გიორგი მიქაბერიძე, რომელსაც სკვერის ნაწილი ქუთაისის მერიისგან მოვლა-პატრონობის ვალდებულებით აქვს აღებული, ამბობს, რომ ტერიტორიას ყოველდღიურად ასუფთავებენ.

"ყოველდღე ვასუფთავებთ. გარდა ამისა, მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მოდიან ყოველ დილით და წმენდენ.  გუშინაც დავასუფთავეთ, მაგრამ დღეს რომ ნახოთ იგივე სიტუაცია იქნება. არ ერიდებიან ადამიანები ნარჩენების დაყრას", - ამბობს გიორგი მიქაბერიძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სკვერი 27 მაისს, მას შემდეგ დაასუფთავა, რაც საკითხით ქუთაისიპოსტი დაინტერესდა. 

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სკვერის მოვლა კომპანიის პირდაპირი ვალდებულებაა და ადგილის დასუფთავება ადგილობრივ თვითმმართველობას არ ევალება. უარყოფენ იმასაც, რომ მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას წმენდენ.

შპს "გეგი 2013-"ს, გარდა იმისა, რომ შადრევანი წყლის გარეშე მოაწყო, სკვერში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სკამებიც არ დაუდგამს. გიორგი მიქაბერიძე იწმუნება, რომ ვალდებულებას მალე შეასრულებს და ადგილზე სამ დასასვენებელ ძელსკამს დადგამს.

"რაღაც პრობლემები იყო და ვერ გავაკეთეთ, მაგრამ მალე დავდგამთ", - ამბობს გიორგი მიქაბერიძე.

შპს "გეგი 2013"-მა ქუთაისის მერიისგან ვარლამიშვილისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში 250 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 155 კვ.მ შენობა-ნაგებობა აუქციონზე იჯარის წესით შეიძინა.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, მას ტერიტორია უნდა მოეწესრიგებინა, მოეწყო შადრევანი და ძელსკამები.






Print