ახალი ამბები
"ნუ მომკლავ" – აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში თბილისში მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მოთხოვნა, გასული წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებისა და მკვლელობის საქმის ობიექტური გამოძიება იყო. 

"მეც დედა ვარ. დღეს ვარ აქციაზე შვილმოკლული მამის მხარდასაჭერად, რომელიც სამართლიანობას ითხოვს. გვინდა სამართალი სამართლიანად აღსრულდეს და დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები და ნუ იქნება სამართალი შერჩევითი", - ამბობს აქციის მონაწილე, თათია თოლორდავა.

"ადამიანს შვილი მოუკლეს და მკვლელი არ ისჯება. ფაქტობრივად, საერთოდ არ ვიცნობთ ჭირისუფლებს, მაგრამ გამოვედით იმიტომ რომ უსამართლობასთან შეგუება არ შეიძლება", - ამბობს თამარ ნემსიწვერიძე.

გასული წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი ორ დეკემბერს  დაიღუპა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორ დეკემბერს დააკავა. სამ დეკემბერს პროკურატურამ ორი მოზარდი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
Print