ახალი ამბები
ენგურის ხიდზე, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის გადატანის მცდელობაზე ერთი პირი დააკავეს
FaceBook
21 მაისს, ენგურის ხიდზე, რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცს ჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. ის ენგურის ცენტრალურ ხიდზე, ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვარზე მყოფი ადამიანების თვალწინ, დღის საათებში დააპატიმრეს.

ეთერი (სახელი შეცვლილია) გვიყვება, რომ ფაქტს, პირობით საზღვარზე, თავად შეესწრო.

"ჩემს რიგს ვუცდიდი, როცა დავინახე, მამაკაცმა როგორ მიაწოდა საბუთები მესაზღვრეს და ზუსტად ამ დროს მოხდა მისი დაკავება. როგორც კი ხელი გააწვდინა ეგრევე დაავლეს ხელი ფეხებსა და ხელებში. როგორც გავიგეთ ხელყუმბარა ჰქონია თან".

კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, ეჭვმიტანილი რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს. მოგვიანებით ადგილზე სოხუმიდან სპეციალური დანიშნულების რაზმიც ჩავიდა. მისი თქმით, მამაკაცი სოხუმში გადაიყვანეს.

გალელების თქმით, ამ ფაქტის შემდეგ ენგურის ხიდზე მიმოსვლა გამკაცრებულია.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ქუთაისიპოსტი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობდნენ.

"ტერიტორია არ არის ჩვენ მიერ კონტროლირებადი და შესაბამისად, ინფორმაცია არ გვაქვს, - გვიპასუხეს უწყებაში.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ვიდრე მამაკაცს რუსი მესაზღვრეები დააკავებდნენ, მან ქართველი სამართალდამცველების მიერ კონტროლირებადი პირობითი საზღვარი გადალახა.
Print