ახალი ამბები
ქუთაისში სკოლის მოსწავლეები "ლურჯ ვეშაპთან" დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამოკითხეს
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სამართალდამცავებმა მოსწავლეები გამოკითხეს. ისინი უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ხელებზე თვითდაზიანებები შენიშნეს.
მშობლების თქმით, სამართალდამცავები ბავშვებს ხელებზე ინტერნეტში გავრცელებულ სიცოცხლისთვის სახიფათო თამაშის "ლურჯი ვეშაპი" ზემოქმედების შედეგად არსებულ დაზიანებებს ეძებდნენ.

"ჩვენი თანდასწრებით გამოკითხეს ბავშვები. ეძებდნენ ვინმეს თუ ჰქონდა მიყენებული თვითდაზიანება სხეულზე", - ამბობს  სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.

სკოლის დირექტორის განმარტებით, გამოკითხვები დაბალი კლასებში ჩატარდა და ყველაფერი კანონმდებლობის გათვალისწინებით მოხდა.

"თქვენ უკვე ფლობთ ინფორმაციას და ამაზე მეტი ინფორმაცია რა უნდა მოგაწოდოთ, ან რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ", - გვითხრა დირექტორმა.

"ლურჯი ვეშაპი" ინტერნეტ თამაშია, რომელიც მოზარდებს თვითდაზიანებისკენ და თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. მის ძირითად მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ. თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც.

თამაშის დასასრულს, მოთამაშეს "კურატორი" აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისაკენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება.

ამ თამაშის შესახებ გასული წლის ოქტომბერში განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.
Print