ახალი ამბები
სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის წესი იცვლება
FaceBook

საკონსტიტუციო სასამართლომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის წესში ერთ-ერთი მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო.

სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სოციალურად დაუცველების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესი შეიცვლება. საუბარია, მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5პუნქტზე. 

აღნიშნული რეგულაციის თანახმად, განაცხადი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის არ მიიღებოდა, თუ მაძიებელი უკანონოდ იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში.

"თუ სოციალურად დაუცველი შეჭრილი იყო სხვის საკუთრებაში საცხოვრებლად და  ამ ფართის კანონიერი მესაკუთრე არ ეთანხმებოდა მის სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციას, ეს წესი იცვლება",  - განმარტავს სოციალური მიმსახურების სააგენტოს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, ნინო ჭიღლაძე. 

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოს მოქალაქემ მიმართა, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში განაცხადის რეგისტრაციაში გატარებაზე უარი ეთქვა, რადგან მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რის შესახებაც სააგენტოს აცნობა მესაკუთრემ.

"სარჩელის ავტორის განმარტებით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, ვინაიდან ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის. კერძოდ, მაშინ, როდესაც სადავო ნორმით მოსარჩელეს ბლანკეტურად აქვს აკრძალული დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში, იგივე შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული პირთა ისეთი ჯგუფების მიმართ, რომლებიც: ა) რეგისტრირებულები არიან მონაცემთა ბაზაში და არ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში; ბ) ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში, თუმცა სადავო ნორმის ამოქმედებამდე დარეგისტრირდნენ მონაცემთაბაზაში. კონსტიტუციურ სარჩელში წერია, რომ სადავო რეგულაცია, ერთი მხრივ, ართმევს სოციალური დახმარების მაძიებელს უფლებას, მიიღოს სოციალური დახმარება, ხოლო, მეორე მხრივ, სადამსჯელო ღონისძიებით აიძულებს მას, მიატოვოს საცხოვრებელი ადგილი," - აღნიშნულია საკოონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და ზემოთ აღნიშნული პუნქტი არაკონსტიტუციურად ცნო. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

 

Print