ახალი ამბები
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3 721 000-ს შეადგენს
FaceBook
1994-2017 წლების პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება, - ამის შესახებ საუბარია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, რომლის პრეზენტაციაც დღეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გამართა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაა დაახლოებით 3 721 000-ია.

"აღნიშნულ პერიოდში, კლება განიცადა როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში მცხოვრებმა მოსახლეობამ. იმავე პერიოდში საქართველოში ურბანიზაციის მაჩვენებელი 53.8 პროცენტიდან 58.3 პროცენტამდე გაიზარდა. მოსახლეობის კლება ძირითადად დაკავშირებულია ემიგრაციასთან.
აღსანიშავია, რომ ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითი იყო 2000 წლამდე, პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით", - ნათქვამია „საქსტატის“ მონაცემებში.

მათივე ინფორმაციით, 1994 წლიდან ქვეყნიდან დაახლოებით 1 260.7 ათასი კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

"თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში (გარდა 2004-2005 წლებისა) საქალაქო დასახლებებში 1997-2013 წლებში გარდაცვლილთა რაოდენობა ჭარბობს დაბადებულთა რაოდენობას, რაც შესაძლებელია მოსახლეობის დაბერებით აიხსნას. 2014 წელს, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილმა სასოფლო დასახლებებში 16.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო საქალაქოში - 12.3%.

გარე მიგრაციული სალდო მთელი პერიოდის განმავლობაში უარყოფითია. 1994 წლიდან ქვეყნიდან დაახლოებით 1,260.7 ათასი კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.

მოსახლეობის რიცხოვნობის კლებასთან ერთად, 1994-2018 წლებში შეიცვალა მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურაც. 1994 წლიდან შემცირდა 0-14 ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული წილი მთელ მოსახლეობაში და 2018 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 20.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 10.5 პროცენტიდან 14.6 პროცენტამე გაიზარდა იმავე პერიოდში. 0-14 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლის კლება დაკავშირებულია 1990-იანი წლებიდან შობადობის დონის კლებითა და რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის მიგრაციით.

1990-იანი წლების დასაწყისისთვის ერთი ქალის მიერ ცოცხლად გაჩენილი ბავშვების საშუალო რაოდენობა (შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი)1.5-ს არ აღემატებოდა. ამასთან, 2007 წლიდან შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი არსებითად გაუმჯობესდა.

1994 წელს, სიცოცხლის მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ ქალებისათვის 74.1 წელი, ხოლო, ხოლო მამაკაცებისთვის 66.0 წელი შეადგინა. 2017 წლისთვის, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისთვის 3.7 წლით, ხოლო მამაკაცების 3.2 წლით გაიზარდა. 2017 წელს განსხვავებამ ქალების და მამაკაცების სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლოვობას შორის 8.6 წელი შეადგინა", - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ დაანგარიშების შედეგად მიღებულ მონაცემებში.

წყარო: interpressnews.ge
Print