ახალი ამბები
ირაკლი კობახიძის ვარაუდით, ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღება ივნისის ბოლომდე მოხდება
FaceBook
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვარაუდით, ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღება ივნისის ბოლომდე მოხდება. მისი თქმით, მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა, პოზიციების შეჯერების რესურსი არსებობს.

"ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას შესაბამის კანონპროექტთან დაკავშირებით. მართალია, არის აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის წევრებს შორის, თუმცა არსებობს რესურსი, რომ შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ გვინდა უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მოვამზადოთ კანონპროექტი და ინიცირება მოვახდინოთ ამ კანონპროექტის, რაც გახდება იმის წინაპირობა, რომ ივნისის ბოლომდე მოვახერხებთ კანონპროექტის მიღებას. ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა ზოგადი პრინციპების. მთავარი ამოცანა არის, რომ შემცირდეს ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში, გატარდეს ჰუმანური პოლიტიკა და ამ პრინციპებს დაეფუძნება კანონპროექტი, რომელიც უნდა შემუშავდეს", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება,  მარიხუანას შესაძლო ლეგალიზებას, კობახიძის თქმით, დღეს არ იქნება სწორი რამე პოზიციის დაფიქსირება.

"ეს საკითხიც არის ნარკოპოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ. დღეს არ იქნება სწორი რამე პოზიციის დაფიქსირება ერთი მიმართულებით",- განაცხადა კობახიძემ.

წყარო:interpressnews.ge
Print