ახალი ამბები
ქუთაისში, კორპუსის ნაწილის იძულებითი დემონტაჟის თანხას, მშენებელი კომპანია გადაიხდის
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე სახლი #1 -ის მიერ აშენებულ კორპუსზე, სადავო ორი სართულის დემონტაჟის თანხის გადახდა, ამავე კომპანიას მოუწევს.
თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე შვიდ სართულიანი კორპუსის ნაწილის დემონტაჟი,  იძულების წესით მოხდება.

ქუთაისის მერიამ სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე გამოაცხადა. ადგილობრივი თვითმმართველობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 70 000 ლარს გადაუხდის. თუმცა, როგორც მერიაში ამბობენ, საბოლოოდ,  ყველა იმ ხარჯს, რაც დემონტაჟისთვის იქნება საჭირო, კომპანია აანაზღაურებს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ კორპუსის მშენებელ კომპანიას მხოლოდ ხუთი სართულის აშენების უფლება ჰქოდა, ბოლო ორი სართული კი მან ნებართვის გარეშე ააშენა.

სახლი #1-ში ირწმუნებიან, რომ მათ ქუთაისის მერიაში კორექტირებული ვერსია შეტანილი ჰქონდათ, თუმცა, კომპანიის იურისტი ვერ ადასტურებს ჰქონდათ თუ არა ნებართვა შეცვლილ პროექტზე.

ერმილე ჭეიშვილის თქმით, საქმე სასამართლოშია და წარმოების დასრულებამდე მერიას სართულების დემონტაჟის უფლება არ აქვს.

"ეს საქმე უკვე წარმოებაში აქვს მიღებული საქალაქო სასამართლოს. წარმოების ეტაპზე კი დემონტაჟის სამუშაოები კი უკანონოა", – ამბობს ერმილე ჭეიშვილი.

მისივე თქმით, პარალელურად,  სადავო ორი სართულის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში არის გაგზავნილი, რომელმაც ერთხელ უკვე დაიწუნა პროექტი და ამჟამად კვლავ კორექტირება მიმდინარეობს.

ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრში მდებარე კორპუსზე სართულების უნებართვოდ მშენებლობის ფაქტი გასული წლის მიწურულს დააფიქსირა, მაშინ, როცა მშენებლობა უკვე დასრულებული იყო.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ, 7 სართულიანი კორპუსის ნაწილის დემონტაჟისთვის, ტენდერი გამოაცხადა

ბრძოლა უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ და სამაგალითოდ დასჯილი კომპანია (ფოტო)





Print