ახალი ამბები
ახალ სასწავლო წელს მოსწავლეებს გაუმჯობესებული სახელმძღვანელოებით სწავლას პირდებიან
FaceBook
"ახალ სასწავლო წელს, I-VI კლასის მოსწავლეები, ყველა პარამეტრით გაუმჯობესებული სახელმძღვანელობით ისწავლიან," - ასე განმარტეს განათლების  სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოების გამარტივებული წესით შესყიდვასთან დაკავშირებით.

უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, სამინისტრო განმარტავს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს აწარმოებს გამჭვირვალედ და საჯაროდ. 

"გრიფირების პროცესს სამინისტრო 2017 წლიდან ახორციელებს. მასში ჩართულია 180 შემფასებელი, რომლებიც შემოსულ პაკეტებს 60-მდე კრიტერიუმის მიხედვით აფასებს. ასევე არაერთხელ განვმარტეთ, რომ სახელმძღვანელობის შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, ფასის და ხარისხის შეწონვის პრინციპით, სადაც განმსაზღვრელი როლი ხარისხს და არა ფასს ენიჭება," - აცხადებენ სამინისტროს პრესცენტში.

მათივე ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოქმედი შესყიდვების კანონმდებლობაში არ არსებობს მრავალკომპონენტიანი, მრავალეტაპიანი შესყიდვების პროცედურა, სადაც შეიძლება ერთზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდეს, მათ მიერ შესწავლილი იქნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

"სახელმძღვანელოების შესაძენად შეირჩა მსოფლიო ბანკის სანიმუშო სატენდერო რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე მიმდინარე წლის 4 მაისს, სამინისტრომ მიმართა შესყიდვების სააგენტოს შესყიდვების შესახებ კანონის 10-ე პირველი მუხლის მე-3 პუნქტის დ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის განხორციელებაზე, რაც გულისხმობს არა ერთ პირთან მოლაპარაკებით შესყიდვას, არამედ ორიენტირებულია პროცესის დადგენილ ვადებში ჩატარებაზე," - განმარტავენ განათლების სამინისტროში. 

რაც შეეხება სატენდერო მოდელს, მისი გაცნობა გრიფირების პროცესის მონაწილეებისთვის ჯერ კიდევ 2017 წელს, გრიფირების წესის დამტკიცების პარალელურად მოხდა.

Print