ახალი ამბები
თავისუფლებასთან წააგებთ! - ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა
FaceBook
ქუთაისში თეთრ ხიდზე საპროტესტო აქცია გაიმართა.
"ჩვენ მოვიგებთ ომს",  "თავისუფლებასთან წააგებთ",  - ეს სლოგანები წარმოადგენდა ქუთაისში, თეთრ ხიდზე შეკრებილების მხრიდან გზავნილს სახელმწიფოსადმი.

აქციის მონაწილეებმა პროტესტი გამოუცხადეს თბილისში პოლიციის მიერ კლუბ "ბასიანსა" და კაფე "გალერიში" რეიდების მოწყობას და ზოგადად, სახელმწიფოში არსებულ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას.

"ამ სამარცხვინო ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლებამ მიზანმიმართული ბრძოლა გამოუცხადა ყველა იმ იდეასა და ღირებულებას, რომლის გარშემოც შემოვიკრიბეთ ათასობით ადამიანი თბილისის კლუბებში. ეს კლუბები კი ჩვენთვის არა უბრალოდ გართობის, არამედ თავისუფალი თვითგამოხატვის, განვითარებისა და სოციალური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი კერაა! "- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეები სახელმწიფოსა და საზოგადოების არჩევანსაც შეეხნენ.

"დღეს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე დგას ორი ამოცანა: ან მივდივართ თავისუფლებისა და განვითარებისკენ - ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ, საზოგადოებასთან ერთად, უნდა მიიღოს გააწყევეტილება, რომ საქართველოს სრულწლოვან მოქალქეს აქვს უფლება გაერთოს ისე როგორც თავად გადაწყვეტს (და არ შელახავს სხვის უფლებებს). ან მივდივართ მეორე გზით, პატერნალიზმის (უფროსის მიერ უმცროსისადმი გაწეული მზრუნველობა.რედ.) განვითარებისკენ და ვკრძალავთ ყველა სახის ნარკოტის, ან ყველა სახის ალკოჰოლს, ან ყველაფერ იმას რაც შესაძლებელია ვნებდეს ადამიანს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მივიდეთ ისეთ აკრძალვამდე, რომ მაგალითად, ავკრძალოთ საფუარიანი პური იმიტომ, რომ საფუარი, ბევრი სამედიცინო კვლევით და დასკვნით, მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისითვის", - აღნიშნა აქციის მონაწილე ადვოკატმა ვალერი თევდორაძემ.

მისი თქმით, გუშინ პოლიციურმა სისტემამ მიიღო სრული კარტ - ბლანში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს ნებისმერი გადაწყვეტილება და განახორციელოს იგი.

"საზოგადოების დიდ ნაწილს აქვთ უარყოფითი განწყობა კლუბებზე. თანაც ისე, რომ შეიძლება ნამყოფიც არ იყოს კლუბში. საზოგადოების ნაწილი კლუბში შეჭრას დღეს გაამართლებს იმიტომ, რომ კლუბი არ მოსწონს. მაგრამ ხვალ  პოლიცია შეიძლება რესტორანში შეიჭრას, იქ დაიჭიროს ვიღაც დამნაშავე და დაარბიოს მშვიდობიანი მოქალაქეები. მაინტერესებს ამ "კარგ ქართველებს" თუ მოეწონებათ რესტორნიდან რომ გაყარონ. ან დააკავონ უმიზეზოდ?! საზოგადოებას დღეს არა აქვს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა", - აღნიშნა ვალერი თევდორაძემ.

საპროტესტო აქციები თბილისსა და ბათუმშიც გაიმართა.

Print