ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ, 7 სართულიანი კორპუსის ნაწილის დემონტაჟისთვის, ტენდერი გამოაცხადა
FaceBook
ქალაქის ცენტრში 7 სართულიანი კორპუსის ბოლო ორი სართულის დემონტაჟის მიზნით, ქუთაისის მერიამ ტენდერი (NAT180007229)
გამოაცხადა. ქალაქის ხელისუფლება თამარ მეფის #10–ში ნებართვის გარეშე აშენებული ორი სართულის დემონტაჟში 70 000 ლარს გადაიხდის.

უნებართვო სართულების დემონტაჟი ტენდერში გამრჯვებულმა კომპანიამ მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

მერიის მიერ ტენდერის გამოცხადების შესახებ არ იციან კორპუსის მშენებელ კომპანიაში.

სახლი # 1–ის იურისტი, ერმილე ჭეიშვილი ამბობს რომ საქმე სასამართლოშია და მერიას შენობის ნაწილის დემონტაჟის უფლება არ აქვს.

"ეს საქმე უკვე წარმოებაში აქვს მიღებული საქალაქო სასამართლოს.
წარმოების ეტაპზე კი დემონტაჟის სამუშაოები უკანონოა",–ამბობს ერმილე ჭეიშვილი.

მისივე თქმით, პარალელურად სადავო ორი სართულის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში არის გაგზავნილი, რომელმაც ერთხელ უკვე დაიწუნა პროექტი და ამჟამად კვლავ კორექტირება მიმდინარეობს.

ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრში მდებარე კორპუსზე სართულების უნებართვოდ მშენებლობის ფაქტი გასული წლის მიწურულს დააფიქსირა, მაშინ, როცა მშენებლობა უკვე დასრულებული იყო.

მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურში მაშინ ამბობდნენ, რომ მშენებელ კომპანიას ნებართვა მხოლოდ 5 სართულზე ჰქონდა, ბოლო ორი სართული კი მერიასთან შეუთანხმებლად ააშენა.

ბრალდებას არ ეთანხმებოდა კომპანიის ხელმძღვანელობა და აბობდა, რომ მათ კორექტირებული ვერსია გააკეთეს და მერიაშიც შეტანილი ჰქონდათ.

ამავე თემაზე:

ბრძოლა უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ და სამაგალითოდ დასჯილი კომპანია (ფოტო)
Print