ახალი ამბები
ახალი პროექტი სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის
FaceBook
სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების  დასაქმების ხელშეწყობის პროექტი იწყება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტი, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას, მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებასა და მათი დასაქმების პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს.

პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციის - ,,Save the Children Nederland" მხარდაჭერით განაახორციელებს. 

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოთხი ახალგაზრდული კავშირი, ფინანსური მხარდაჭერის სახით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებს, რათა მათ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე იმუშაონ.

მათ შორის, განხორციელდება:

- ახალგაზრდობაზე ორიენტირებული შრომის ბაზრის შეფასება და, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამისი სატრენინგო მოდულების და ონლაინ პლატფორმების შემუშავება.

- საჭირო უნარების განვითარების მიზნით, დაუსაქმებელი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მომზადება/გადამზადება.

- მოეწყობა ქვეყნებს შორის ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკის გაცვლის ღონისძიებები.

"სწორედ, ეს სჭირდება ახალგაზრდებს იმისათვის, რომ განავითარონ უნარები, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა. მათ შორის, ის სპეციალური უნარები, რომელიც დასაქმებას უკავშირდება. ეს კვლევაც მოგვცემს საშუალებას, რომ გამოვავლინოთ საჭიროებები და შემდეგ უკვე დავეხმაროთ ამ ახალგაზრდებს.

იმედი მაქვს, ეს პროექტი ხელს შეუწყობს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების იმ განსაკუთრებული უნარების განვითარებას, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება ყოველწლიურად დაახლოებით 700 ათასიდან მილიონ ლარამდე დაფინანსებას გამოყოფს და წელიწადში 60-მდე პროექტს აფინანსებს, რის შედეგადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში უკვე დასაქმებულია 350-მდე ახალგაზრდა, შექმნილია 60 სოციალური საწარმო, მათ შორის: ხეზე კვეთის, მინანქრის, ზოგადად ხალხური რეწვის საწარმოები, ლიტერატურული კაფეები, სათბურები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწარმოები", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. 

პროექტის ფარგლებში უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალგაზრდული იდეების კონკურსი.
Print