ახალი ამბები
„სოციალური დახმარება რომ მიიღო, მერიაში პატრონი უნდა გყავდეს“ - ირაკლი კიკვაძე
FaceBook
"ლებორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა, ირაკლი კიკვაძემ,  მერის სარეზერვო ფონდის ხარჯვის პრინციპი გააპროტესტა. ირაკლი კიკვაძე მიიჩნევს, რომ ქალაქის ხელისუფლება  ერთჯერად სოციალურ დახმარებას ახლობლობის ნიშნით გასცემს და იმისთვის, რომ დახმარება მიიღო, საჭიროა მერიაში ახლობელი გყავდეს.

მერიის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე, "ლეიბორისტული პარტიის" წევრმა ჯანაშიების ოჯახის წევრთან ერთად ისაუბრა, რომლებსაც მისი თქმით, მერიამ ბავშვის მკურნალობისთვის საჭირო თანხის მიცემაზე უარი უთხრა.

"იმისთვის, რომ მერის სარეზერვო ფონდიდან მიიღო ერთჯერადი დახმარება, საჭიროა მერიაში გყავდეს ნაცნობი ან ვინმე შუამავალი მერთან ან მის უახლოეს გარემოცვასთან. ამის ნათელი მაგალითი არის ჯანაშიების ოჯახი, რომელსაც მხოლოდ იმიტომ არ მიცეს ბავშვის სამკურნალო ფული, რომ პატრონი არ აღმოაჩნდა მერიაში. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ახალი წლის შემდეგ, მერს და მის მოადგილეებს მივლინებებში ათეულ ათასობით ლარი აქვს დახარჯული. სინამდვილეში კი ეს მივლინებები არის მათი გულაობა და სხვა არაფერი", - ამბობს ირაკლი კიკვაძე და მერიას მოუწოდებს იმ ადამიანებს მისცეს ფულადი  დახმარება, ვისაც ეს რეალურად ესაჭირობა.

ჯანაშიების ოთხსულიანი ოჯახის ერთ-ერთი წევრი,  ლელა ჯანაშია, რომელმაც მერიას დახმარებისთვის მიმართა, ამბობს, რომ თავიდან მოიცილეს და უარის მიზეზი სრულყოფილად არც განუმარტავთ.

"არც უთქვამთ ნორმალურად რატომ მითხრეს უარი. წადი და თბილისიდან ჩამოიტანე შენი შვილის დიაგნოზი და მერე დავაფინანსებთ მკურნალობასო. ორი უსინათლო მყავს ოჯახში და ჩემს შვილსაც აქვს მხედველობის პრობლემები. ყოველ ექვს თვეში სჭირდება გამოკვლევევი, რისი ფულიც მე არ მაქვს", - ამბობს ლელა ჯანაშია.

ირაკლი კიკვაძის თქმით, მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლიდან ამ დრომდე,  მერიამ სარეზერვო ფონდიდან ერთჯერადი სოციალური დახმარებისთვის 654 განმცხადებელზე 130 000 ლარი გასცა.

ქუთაისის მერიაში "ლეიბორისტული პარტიის" ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებენ.
Print