ახალი ამბები
ქუთაისში ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა მოეწყო (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მე-17 და 25-ე საქალაქო ბიბლიოთეკების ორგანიზებით, ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა მოეწყო.
გამოფენაში სახელწოდებით "მხოლოდ ქართული, მხოლოდ ქუთაისური" 13-მა ქუთაისელმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა.

ქუთაისში წარმოებული ფუნთუშა, პური, რძის ნაწარმი, ქართული ლიმონათი, ხელნაკეთი ნივთები, ჭედური ნაკეთობები, ბისერებითა და თექით შექმნილი აქსესუარები- ეს და სხვა ქართული ნაწარმი ქუთაისელმა მეწარმეებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინეს.

63 წლის ჯიმშერ უზარაშვილს, რომელიც 45 წელია ლითონისგან ულამაზეს ნაკეთობებს ამზადებს, იშვიათად აქვს შესაძლებლობა საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები აჩვენოს.

ფერწერული ტილოებისა და ჭედური ნაკეთობების ოსტატმა დღეს მისი ნამუშევრები გამოფენაზე წარმოადგინა.

"ეს არის კიდევ ერთი შანსი ჩემთვის. მოდიან, ნახულობენ და მოსწონთ, მაგრამ უფრო მეტი მყიდველი თუ ეყოლება, უკეთესი იქნება",-ამბობს ჯიმშერ უზარაშვილი.

გამოფენა-გაყიდვაზე თავისი ნამუშევრები წარმოადგინა ლია ჭიქაბერიძემაც. პროფესიით პედაგოგი, თექისგან სხვადასხვა ფორმისა და ფერის გულსაბნევების დამზადებით 5 თვის წინ დაინტერესდა.

"5 თვეა რაც ამ საქმეს ვაკეთებ. პირველად ორმაისობას გამოვიტანე ჩემი ნამუშევრები. ახლაც მომეცა შესაძლებლობა საზოგადოებას ვაჩვენო ის, რასაც ვაკეთებ. ხალხსაც მოსწონს და ეს მახარებს",-ამბობს ლია ჭიქაბერიძე.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნინო ძოწენიძე ამბობს, რომ გამოფენა ქუთაისში დამზდებული ქართული პროდუქციის პოპულარიზებას ისახავს მიზნად.

"ღონისძიების მიზანია მხარი დავუჭიროთ მხოლოდ ქართულს და მხლოდ ქუთაისურს. ქუტაისში აღმოვაჩინეთ საუკეთესო მეწაემეები, რომლებიც ქმნიან საუკეთესო პურს, კულინარული შედევრები, ხელნაკეთი ნივთები. გვინდოდა ქუთაისისთვის ეს კეთილი საქმე გაგვეკეთებინა და გაგვეცნო საზოგადოებისთვის", - ამბობს გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მე-17 და 25-ე საქალაქო ბიბლიოთეკარი, ნინო ძოწენიძე.



გამოფენა-გაყიდვა  დღის ბოლომდე გაგრძელდება და მსურველებს ქუთაისში დამზადებული მხოლოდ ქართული პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა ექნება.




Print