ახალი ამბები
თამბაქოს უკანონო მოხმარებისთვის ქუთაისის სასამართლომ ორი მოქალაქე გაასამართლა
FaceBook
ქუთაისის კაფეში თამბაქოს უკანონო მოხმარებისთვის ორ ახალგაზრდას სასამართლომ ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
მოქალაქეებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი 4 მაისს გამოუტანეს. დაკავებულები "თამბაქოს შესახებ კანონის" გაუთვალისწინებლობისთვის 250 ლარით დაჯარიმდნენ.

"თამბაქოს კანონის გაუთვალისწინებლობისათვის და დაუმორჩილებლობისათვის ორი პირი გასამართლდა," -  განუმარტეს "ქუთაისიპოსტს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დახურულ სივრცეში სიგარეტის მოხმარების ფაქტი ქუთაისში ერთ-ერთ კაფეში 3 მაისს დაფიქსირდა. მოქალაქეებს მოწევა თავდაპირველად კაფეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აუკრძალეს. გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის გამო ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. რის შემდეგაც ერთი პირი ადგილზე 50 ლარით დააჯარიმეს, ხოლო ორი  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) დააკავეს.

2018 წლის 1 მაისიდან სხვადასხვა ტიპის შენობებში მოწევა აიკრძალა. კანონის მიხედვით, თამბაქოს მომხმარებლებს მოწევა ეკრძალებათ ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერის), საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში.

ასევე, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.

მოწევა მხოლოდ შესაძლებელი იქნება ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას, თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში, პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი, წინასწარი დაკავების იზოლატორში, კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში.

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის დამრღვევი პირველ ეტაპზე 500, ხოლოდ განმეორებით შემთხვევაში კი, 1000 ლარით დაჯარიმდება.

ამავე თემაზე:


ქუთაისში, კაფეში სიგარეტის მოხმარებისთვის ახალგაზრდები დააკავეს

თამბაქოს მოწევაზე კონტროლი მკაცრდება - ვინ დააჯარიმებს კანონდამრღვევს


Print