ახალი ამბები
ერთდღიანი შვებულება და საჯარო მოხელეების მიერ ორგანიზებული პარტიული ყრილობა
FaceBook
24 აპრილს, ქუთაისში, "ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობას, ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებულად მობილიზებული დახვდა.
სამუშაო დღის მიუხედავად, რეგიონალურ კონფერენციას ქუთაისის მერიის და მერიის ააიპების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მესხიშვილის თეატრის სავსე დარბაზში, მიპატიჟებულთა ძირითად, ნაწილს სწორედ საჯარო მოხელეები და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების თანამშრომლები წარმოადგენდნენ.

ყრილობას არც საკრებულოს დეპუტატები და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაკლებიან. უფრო მეტიც, მათი ნაწილი შეხვედრის ორგანიზებითაც კი იყო დაკავებული.

დარბაზში ადგილების განაწილებას პირდად აკონტროლებდა მერიის ააიპ "მადლიერების სახლის" ხელმძღვანელი, თამთა ბაკურაძე. ორგანიზატორის როლები ჰქონდათ იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, გრიგოლ დალაქიშვილსა და ვიცე-მერს, გიორგი იობაშვილს, რომლებიც ყრილობაზე დასწრების მსურველებს თეატრის შესასვლელში მოსაწვევებს უმოწმებდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ მერიის ყველა თანამშრომელი, ვინც ყრილობაზე იმყოფებოდა, შვებულებაში იყო.

ქუთაისიპოსტმა მერიიდან იმ თანამშრომლების სია გამოითხოვა, რომლებმაც შვებულება მიმდინარე წლის 20 აპრილიდან მოითხოვა. როგორც აღმოჩნდა, მითითებულ დღეებში შვებულების უფლებით სულ 64-მა თანამშრომელმა ისარგებლა, მათგან 61-ს შვებულება ერთი და იგივე დღეს და მხოლოდ ერთი დღით დასჭირდა. ეს დღე კი მმართველი გუნდის პარტიულ ყრილობას   დაემთხვა.

ყრილობის დღეს შვებულებაში იმყოფებოდა ქუთაისის მერიის სხვადასხვა სამსახურის 22 უფროსი და 11 უმცროსი სპეციალისტი, ორი სამსახურისა და ექვსი განყოფილების უფროსი, მათ შორის, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ოთხი თანამშრომლიდან 24 აპრილს სამმა აიღო შვებულება.

ერთ დღეს გადაწყვიტა შვებულებაში გასვლა 11 მუნიციპალიტეტიდან 9 ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელმა.

ჯამში, 24 აპრილს ქუთაისის მერიასა და მის ადმინისტრაციულ ერთეულებში 61 თანამშრომელი არ მუშაობდა.

თავიანთი თანამშრომლებით იყვნენ წარმოდგენილი ყრილობაზე მერიის ააიპების ხელმძღვანლებიც, რომლებიც, მერიის მტკიცებით, ასევე, შვებულებაში იმყოფებოდნენ.


ააიპ "მადლიერების სახლის" ხელმძღვანელი, თამთა ბაკურაძე, რომელიც პირადად აკონტროლებდა დარბაზში ადგილების განაწილებას

მმართველი პარტიის ყრილობა დახურული იყო. რეგიონალურ კონფერეციაზე პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ კვლავ ქალაქის მერი, გიორგი ჭიღვარია აირჩიეს, რომელიც ამ პოსტს მანამდეც იკავებდა.





Print