ახალი ამბები
ვანში, გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა რიცხვის ზრდა საიას საეჭვოდ მიაჩნია
FaceBook
ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიამ, საუბნო საარჩევნო კომისიების გადასატანი ყუთის სიებში, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე მეტი  შეიყვანა.

"რითაც გადასატანი ყუთით ხმის მიცემის შესაძლებლობა დამატებით კიდევ 299 ამომრჩეველს მისცა. საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 მუხლის თანახმად, გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების სამ პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთ ორი მესამედით.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე ზევით ამომრჩევლების გადასატან ყუთის სიაში შეყვანა მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია როგორც გამონაკლისი. ზემოაღნიშნულის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

ჩვენთვის უცნობია ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რამ განაპირობა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და რამდენად იყო საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმირებული კონკრეტულ ამომრჩეველთა მიერ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის საჭიროების შესახებ.

მიგვაჩნია, რომ ვანის #53 ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში 3%-ზე ზევით ამომრჩევლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება გამონაკლისს უკვე აღარ წარმოადგენს და ბადებს ეჭვს გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმებისმობილიზების შესახებ", - აცხადებენ საიაში.
თუ ვის შეუძლია  გადასატანი ყუთით სარგებლობა ნახეთ აქ. 


ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.

ვანის და ხონის ოლქში პარლაემნტის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის სულ ექვსი კანდიდატი იბრძვის:

"ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა.
პარტია "საქართველოს" კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი.
"ტრადიციონალისტების" კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი.
"ახალი ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი მამუკა ტუსკაძე.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე.
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი ვასილ კოპალიანი. 

Print