ახალი ამბები
"ქუთაისის მერია წინასაარჩევნოდ ხონელების მოსყიდვას ცდილობდა" - ოპოზიცია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დღის წესრიგის მიხედვით, მერია,  ხონის მუნიციპალიტეტისთვის 50-მდე გარეგანათების მეორადი სანათის გადაცემას გეგავდა. თუმცა, საკითხი დღის წესრიგიდან საკრებულოს სხდომამადე, რამდენიმე საათით ადრე, ოპოზიციის პროტესტის შემდეგ ამოიღეს.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ქალაქის ხელისუფლება ამ ჟესტით წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის მხარდაჭერას შეეცადა, რაც არ გამოუვიდათ.

"იმერეთში 12 მუნიციპალიტეტია, მაგრამ მერიამ რატომღაც გადაწყვიტა მეორადი სანათები გადასცეს სწორედ იმ მუნიციპალიტეტს, სადაც, რამდენიმე დღეში არჩევნებია დანიშნული. ამით, ხელისუფლება შეეცადა გივი ჭიჭინაძე სიტყვის კაცად გამოეყვანა, რადგან წინასაარჩევნო შეხვედრებზე იგი მოსახლეობას ამ პრობლემის მოგვარებას პირდებოდა. ეს იშნავს იმას, რომ ქუთაისის მერია წინასაარჩევნოდ ხონელების მოსყიდვას ცდილობდა. მას შემდეგ, კი  რაც ჩვენ უწყებათაშორის კომისიას მივმართეთ, მერიამ საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო", - ამბობს საკრებულოს "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, დავით გოგისვანიძე.

რატომ გეგმავდა მერია სანათების ხონის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას, საკრებულოს სხდომაზე ამაზე მერიის წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს.

მოგვიანებით განმარტება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ. ნიკა ლატარიას თქმით, სანათების გადაცემის საკითხი დღის წესრიგიდან იმიტომ ამოიღეს, რომ ქუთაისს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მუნიციპალიტეტებს თუნდაც მეორადი სანათები გადასცეს. 

"შემოსული იყო თხოვნა რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან მეორადი სანათების გადაცემაზე, მაგრამ  ქუთაისს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მუნიციპალიტეტებს სანათები მისცეს. არჩევნებთან ამას  კავშირი არ აქვს," - განაცხადა ნიკა ლატარიამ.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 28 აპრილს გაიმართება. ოლქში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ლულიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.  ოლქში "ქართულმა ოცნებამ" მაჟოროტარ დეპუტატად იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე წარადგინა.  

Print