ახალი ამბები
კერძო ტაქსის მძღოლები ქუთაისის მერიის წინ აქციას მართავენ
FaceBook
ტაქსების კერძო კომპანია  "მაქსიმის" მძღოლები ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.
გაფიცულები კომპანიის მიერ ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. მათი თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, ერთ კილომეტრზე 50 თეთრი ერგებათ,  თუმცა, სინამდვილეში კომპანია 20 დან 30 თეთრამდე უხდით.

მძღოლები ქუთაისის მერიას კერძო კომპანიასთან შუამდგომლობას სთხოვენ.

"ოფიციალურად ერთ კილომეტრზე 50 თეთრი უნდა მოგვცენ, მაგრამ 20-30 თეთრი გვრჩება. მოვითხოვთ,  მინიმუმ 30 თეთრით გაგვიზარდოს კომპანიამ ანაზღაურება. ვთხოვთ ქუთაისის მერიას, გვიშუამდგომლოს კომპანიასთან, რომ რამე გზა გამოიძებნოს", - ამბობს გიორგი ბუხაიძე.

"გასაგებია, რომ კერძო კომპანიაა, მაგრამ ჩვენც ხომ ვართ აქ ქალაქის მოსახლეობა? ხომ აქვს მერიას რაღაც ვადებულება ჩვენზეც.
გვიშუამდგომლონ კომპანიასთან",-  ამბობს კახა მანაგაძე.

ქუთაისის მერიაში  გაფიცული ტაქსის მძღოლების მოთხოვნაზე კომენტარს არ აკეთეთებენ. 

კერძო კომპანია "მაქსიმის" მძღოლები ორი დღის წინ გაიფიცნენ.

კომპანიას 400-მდე ავტომანქანა ემსახურება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ტარიფების გაზრდა არ იგეგმება, გაფიცულების პრეტენზიების მოსასმენად კი, მოლაპარაკებისთვის მზად არიან.

კომპანია "მაქსიმი"   ბაზარზე ორი წლის წინ შემოვიდა.



Print