ახალი ამბები
„ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი გამორჩეული საგანმანათლებლო ცენტრი იქნება“ - გიორგი კვირიკაშვილი
FaceBook
ქუთაისში, პარტია "ქართული ოცნების" რეგიონალურ კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქალაქში  დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
გამოსვლაში პრემიერმა აქცენტი გააკეთა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტზე და განაცხადა, რომ ეს იქნება გამორჩეული საგანმანათლებლო ცენტრი.

"აუცილებლად უნდა აღვნიშნო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი, რომელიც ფონდ "ქართუს" დაფინანსებით და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება. ეს მართლაც გამორჩეული საგანმანათლებლო ცენტრი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იქნება ფართო რეგიონული დანიშნულების ცენტრი, სადაც მეცნიერები, სწავლულები, სტუდენტები, ერთად იღვაწებენ ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის. მჯერა, რომ ქუთაისის სწრაფი და კომპლექსური განვითარება ახალ სიცოცხლეს შესძენს მთელ დასავლეთ საქართველოს. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული მნიშვნელობა და მეორე უდიდესი ცენტრი გახდეს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა კონფერენციაზე.

დელეგატებთან შეხვედრაზე, პრემიერმა დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქუთაისში გაივლის აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური შემაერთებელი მაგისტრალები, იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება. აქტიურ ფაზაშია საერთაშორისო ტერმინალის მშენებლობა, 2019 წელს კი ქუთაისის აეროპორტთან, სარკინიგზო სადგურის მშენებლობა დასრულდება.

შეხვედრაზე პრემიერი 28 აპრილს დაგეგმილ არჩევნებსაც შეეხო და "ქართული ოცნების" კანდიდატს, გივი ჭიჭინაძეს წარმატებები უსურვა.

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გივი ჭიჭინაძეს და წარმატება ვუსურვო მას იმ ბრძოლაში, რომელსაც დღეს აწარმოებს და დარწმუნებული ვარ, იგი პარლამენტის დეპუტატი გახდება",-განაცხდა პრემიერმა შეხვედრაზე.

"ქართული ოცნების" პარტიული კონფერენცია ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრმატულ თეატრში შედგა. შეხვედრას ძირითადად, ქუთაისის მერიისა და მერიის ააიპების თანამშრომლები, ასევე, საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
მერიის თანამშრომელთა ნაწილი, პარტიულ ყრილობას ორგანიზებასაც უწევდა.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მერიის ყველა თანამშრომელი, ვინც ყრილობაზე იყო, შვებულებაში იმყოფება.

Print