ახალი ამბები
მაცივარი ზურგზე მოიკიდეს და წაიღეს - ქურდობა ბანოჯაში
FaceBook
სოფელ ბანოჯაში, ადგილობრივების თქმით, ქურდობის ფაქტები გახშირდა.

ქუთაისიპოსტთან საუბარში სოფელში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლო ორ თვეში ე.წ. დაჩების უბანში ქურდობის ორი ფაქტი დაფიქსირდა. მძარცველებმა ერთი ოჯახიდან ფული, ხოლო მეორედან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარეს.

"მაცივარი ზურგზე მოიკიდეს და წაიღეს, ხმაურზე კი გავიხედე, თუმცა, ბუნდოვნად დავინახე, კარგად ვერ გავარჩიე და ვიფიქრე, თვითონ ოჯახის წევრები იყვნენ. იმ ოჯახში ძირითადად არ ცხოვრობენ, ქალაქში არიან. განათებული რომ ყოფილიყო ქუჩა, აუცილებლად გავარჩევდი, მაცივარს რომ იპარავდნენ უცხო პირები," - ამბობს ბანოჯაში მცხოვრები ლამარა ბოჭორიშვილი.

მისივე თქმით, მძარცველები ერთი თვის წინ მის სამზარეულოშიც შევიდნენ და ფულთან ერთად საათიც მოიპარეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო ერთ წელიწადში სოფელში უკვე ქურდობის ხუთი ფაქტი მოხდა, თუმცა, ამის შესახებ ადგილობრივებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ განუცხადებიათ.

ქურდობის ფაქტების გახშირებას გაუნათებელ ქუჩებს უკავშირებენ და თავიანთი საცხოვრებლის წინ დადგმულ ელექტრობოძებზე განათების დამონტაჟებას ადგილობრივი თვითმმართველობიდან ითხოვენ.

"გაგვინათონ ქუჩები და ასე უფრო დაცული ვიქნებით. ასევე, აქ დადიან ტურისტები და სირცხვილია ჯერ კიდევ სიბნელეში რომ ვცხოვრობთ," - აცხადებენ ბანოჯაში მცხოვრებლები.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ ბანოჯაში ტურისტები სათაფლიის მღვიმის მოსანახულებლად ჩადიან.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოესი მომავლის პერსპექტივაში ბანოჯაში გათვალისწინებული იქნება გარეგანათების სამუშაოები.


Print
თეგები: #ბანოჯა