ახალი ამბები
სუსმა ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მერიის თანამშრომელი დააკავა
FaceBook
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, სამტრედიის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ავთანდილ ნ. დააკავეს.
დაკავებულს,  გამოძიება ერთი და იგივე მეწარმე-სუბიექტისგან, შესრულებული სამუშაოების უპრობლემოდ ჩასაბარებლად, ორჯერ ქრთამის აღებას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, მერიის თანამშრომელმა სამტრედიის სოფელ ღანირში საბავშო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას, შესრულებული სამუშაოების უპრობლემოდ ჩასაბარებლად ქრთამის სახით 500 ლარის გამოართვა, შემდეგ კი იგივე კომპანიას, ქალაქ სამტრედიიდან ილორის მიმართულებით გარე განათების მოწყობის სამუშაოების ასევე, უპრობლემოდ ჩასაბარებდლად, 700 ლარი მოსთხოვა და გამოართვა.

"ავთანდილ ნ-მ 2017 წლის 11 დეკემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული მეწარმე სუბიექტის წარმომადგენელს შესრულებული სამუშაოს კომისიური წესით უპრობლემოდ ჩაბარებისა და სამუშაოს შესრულებისათვის მისაღები თანხის დროულად ჩარიცხვის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 500 ლარი, რაც 2018 წლის 30 მარტს აიღო.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირმა 2017 წლის 26 სექტემბერს სამტრედიის მერიის მიერ ქ. სამტრედიიდან ილორის მიმართულებით გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული იგივე მეწარმე სუბიექტის წარმომადგენელს, შესრულებული სამუშაოს კომისიური წესით უპრობლემოდ ჩაბარებისა და სამუშაოს შესრულებისათვის მისაღები თანხის დროულად ჩარიცხვის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი",-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print