ახალი ამბები
ქუთაისში პოლონურ-ქართული კვლევითი ცენტრი გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრუკოვსკის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი გაიხსნა.

პოლონეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიით იქნება წარმოდგენილი საქართველოში.

ცენტრს ცნობილი პოლონელი არქეოლოგის, სტეფან კრუკოვსკის სახელი მიენიჭა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის პალეოლითის ხანის საქართველოს შესწავლაში. ჭიათურის მახლობლად, გამოქვაბულში, მან პირველმა აღმოაჩინა უძველესი ადამიანის კვალი.

"ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ასეთი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გახსნა. ვფიქრობთ, ასეთი თანამშრომლობა ხანგრძლივი იქნება და გადავა თაობოდან თაობაში, რაც იქნება კიდევ ერთი დასტური ქართულ-პოლონური მეგობრობისა", - ამბობს საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი.

კრუკოვსკის სახელობის მულტიდისციპლინარული კვლევითი ცენტრის პრიორიტეტი, ამ ეტაპზე, ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის კვლევა იქნება, რომლის ფარგლებშიც ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის პირველადი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო.

აღნიშნული კვლევები საფუძველს ქმნიან მომავალ წლებში განისაზღვროს ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და პოლონელი ექსპერტების დახმარებით დაიწყოს მუშაობა მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად.

ცენტრის გახსნას კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, ქართულ-პოლონური საპარლამენტო ჯგუფის თანათავმჯდომარე მალგორზატა გოსიევსკა, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 



Print