ახალი ამბები
ზესტაფონში "ოცნების" მხარდამჭერები მერიას დევნაში ადანაშაულებენ
FaceBook
ზესტაფონში, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები  მერიის მხრიდან დევნაზე საუბრობენ. კოალიციის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წინ, ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პრემიერს მიმართავენ და ზესტაფონში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი "ქართული ოცნების" დაარსების დღიდან კოალიციის მხარდამჭერები არიან. მათივე თქმით, გათავისუფლების შემდეგ მერს მიზეზების ახსნა მოსთხოვეს, კახაბერ მახათაძემ კი პასუხად განუცხადა, რომ ისინი მისი მხარდამჭერები არ არიან.

ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებულებმა სამსახურში დაბრუნების მიზნით სასამართლოს მიმართეს. ამ დროისათვის სასამართლოში 22 საქმეა შესული. 4 საქმე სასამართლომ უკვე განიხილა და მერიას გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენა დაავალა.

მერიამ სამი სამსახურში აღადგინა, ერთს კი დაბრუნებაზე უარი უთხრა. ზესტაფონის მერიიდან გათავისუფლებული 29 პირის ინტერესებს ადვოკატი კახაბერ შავგულიძე იცავს. გათავისუფლებულთა მსგავსად, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს უფლებადამცველიც.

Print