ახალი ამბები
"მერიამ უარი თქვას კომფორტზე და გაყიდოს ჯიპები" - ენმ
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიის ავტოპარკის შესაკეთებლად ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვას აპროტესტებს და ქალაქის ხელისუფლებას ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერის გაუქმებისკენ მოუწოდებს. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიგა შუშანიას თქმით, ქალაქს ავტოპარკის შენახვა ძვირი უჯდება. ამიტომ, უმჯობესია მერიამ გაყიდოს მაღალი გამავლობის ჯიპები და ეს თანხა სოციალური მიმართულებით გადაანაწილოს.

"მერიამ გადაწყვიტა ავტომანქანების შეკეთებაზე დახარჯოს 340 000 ლარი. 440 000 ლარს კი საწვავში ხარჯავს. ჯამში, ავტოპარკის შენახვა მერიას 800 000 ლარამდე უჯდება. მოვუწოდებთ ქალაქის ხელისუფლებას, გაყიდოს ძვირადღირებული ჯიპები და საკუთარი კომფორტის ნაცვლად, ეს თანხა მოხმარდეს ახალი სოციალური პროგრამების დაფინანსებას", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

მისივე თქმით, სრულიად საკმარისი იქნება თუ მერია ჰიბრიდული ტიპის მორიგე ავტომობილებით ისარგებლებს.

ქუთაისის მერიის ავტოპარკი 70 ერთეულ ავტომანაქანას ითვლის.

ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომობილების შესაკეთებლად ტენდერი მიმდინარე წლის 14 მარტს გამოაცხადა. ტენდერში შპს "თეგეტა მოტორსმა" გაიმარჯვა, თუმცა, ხელშეკრულება ჯერ-ჯერობით გაფორმებული არ არის.

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერია ავტომანქანების შეკეთებისთვის 340 000 ლარს დახარჯავს

„იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით“ - ქუთაისის მერიას ჯიპების გაყიდვისკენ მოუწოდებენ

ქუთაისის მერიის „შავი ჯიპები" (ფოტო)

Print