ახალი ამბები
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ავტოპარკის მომსახურების ხარჯები გაზარდა
FaceBook
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, წინა წელთან შედარებით, საწვავისთვის გათვალისწინებული გეგმა 12 000 ლარით გაზარდა.
გუბერნატორის ადმინისტრაცია, წელს, ამ მიზნით 80 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

საწვავისთვის ამ რაოდენობის თანხა სამხარეომ ბოლოს 2016 წელს გაითვალისწინა. მას შემდეგ გუბერნატორის ადმინისტრაცია საწვავის ხარჯებს ყოველწლიურად ზრდის.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს გუბერნიამ 50 708 ლარის საწვავი შეიძინა, 2017-ში კი ამ მიზნით, 54 544 ლარი დახარჯა.

გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია მოხმარებული საწვავის რაოდენობის გეგმაც. თუ 2017 წელს სამხარეო ადმინისტრაციამ გეგმაში 38 000 ლიტრი საწვავი მიუთითა, წლევანდელი გეგმის მიხედვით, ადმინისტრაცია წლის განმავლობაში 39 000 ლიტრი საწვავის დახარჯვას გეგმავს.

სამხარეო ადმინისტრაციაში თავდაპირველად განაცხადეს, რომ ბიუჯეტში თანხის გაზრდა საწვავზე ფასის ზრდამ გამოიწვია, თუმცა, რატომ გაიზარდა საწვავის რაოდენობა, მაშინ, როცა იგივე დარჩა იმერეთის გუბერნატორის უფლებამოსილების საზღვრები და მას ისევ 11 რაიონში უწევს გადაადგილება, სამხარეოში ამაზე დამატებითი განმარტებები აღარ გააკეთეს.

საწვავისგან განსხვავებით, წელს 8 000 ლარითაა შემცირებული ტექნიკური მომსახურების ხარჯები.

ჯამში, 2018 წელს იმერეთის სამხრეო ადმინისტრაცია ატოპარკის საწვავით უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურებისთვის 105 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას სულ 11  ავტომანქანა ჰყავს, აქედან 5 პიჯია.  


ამავე თემაზე:

იმერეთის გუბერნიის „საოცნებო ჯიპები“ (ფოტო)

Print