ახალი ამბები
ჭიათურაში გზის საფარის მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გაიმართა
FaceBook
ჭიათურაში სოფელ ითხვისისა და შუქრუთის მოსახლეობამ, გზის საფარის მოწესრიგების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა.

ადგილობრივების თქმით, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მძიმეწონიანი მანქანები ამ გზაზე გადაადგილდებიან, რის გამოც, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

მოსახლეობა ამბობს, რომ თითქმის ერთი კვირაა კომპანიის მანქანებს არ ატარებენ და ვიდრე გზის სრულად რეაბილიტაციაზე პირობას არ მიიღებენ, პროტესტს არ შეწყვეტენ. მათი თქმით, შეხვდნენ ჭიათურის მერს. თუმცა, ბიუჯეტში არასაკმარისი თანხის გამო მისგან მხოლოდ გზის მცირე მონაკვეთის დაგების პირობა მიიღეს. მოსახლეობა გზის საფარის სრულად მოწესრიგებას ითხოვს.

"თვითმმართელობასთან ერთად უნდა დავსხდეთ და განვიხილოთ გზის მოწესრიგების საკითხი. შექმნილია ყველა მაღაროზე გარკვეული ტიპის რეზერვები, რომელიც უკვე იწურება და ალბათ, დადგება ეს პრობლემა. მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში გზის მორეცხვა. თუ ეს საკმარისი არ არის, მზად ვართ დავამატოთ. რაც შეეხება, გზის დაგებას, ეს  არ არის ჩვენი პროფილი. ჩვენ შეგვაქვს თანხა ბიუჯეტში, ადგილობრივ მოსაკრებლის სახით. თუ რამე თანხაზეა საუბარი, ეს გადასაწყვეტია ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად. ვფიქრობთ, მოუგვარებელი და გადაუწყვეტელი პრობლემა ეს არ არის და არ უნდა გახდეს აჟიოტაჟის მიზეზი",  -  განმარტა შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციული სამმართველოს უფროს უფროსმა, ირაკლი პეტრიაშვილმა. 


აქციის მონაწილეებთან ჭიათურის მერი მოვიდა. პაატა ნადირაძის თქმით, უახლოეს დღეებში გზის შეკეთებაზე ტენდერი გამოცხადდება. ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან 20 0000 ლარამდე გამოიძებნა, რაც 400- 500 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის არის საკმარისი. მერი პირობას დებს, რომ ეტაპობრივად გზა სრულად მოწესრიგდება.
Print