ახალი ამბები
„ცდილობენ ქუთაისს შემოსავლები წაართვან“- ენმ აეროპორტთან სასტუმროების მშენებლობაზე
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა" კოპიტნარის აეროპორტთან სასტუმოების ქსელის მოწყობის შესახებ, პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებულ პროექტს, აპროტეტსტებს. ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ ეს ქუთაისში მცირე და საშუალო სასტუმროების დახურვას გამოიწვევს, რაც ქალაქს მნიშვნელოვან შემოსავლებს დაუკარგავს და კიდევ უფრო გააღარიბებს.

"ნაციონალურ მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში დარწმუნებული არიან, რომ სასტუმროებს "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიები ააშენებენ და სინამდვილეში ეს მათი ბიზნესის გაფართოებას მოემსახურება.

"ეს არის ის ძალა, რომელიც სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, ახლა დაინახეს, რომ ქუთაისის ძირითადი შემოსავალი სწორედ ტურიზმიდან აქვს და გადაწყვიტეს ეს შემოსავალი ჯიბიდან ამოუღონ ქუთაისელებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სასტუმროებს სწორედ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ადამიანები ააშენებენ, რაც გამოიწვევს ქუთაისში არსებული სასტუმროების დახურვას. ეს იქნება საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის გაუქმების შემდეგ,  მეორე უმძიმესი დარტყმა, რასაც ქუთაისი ვეღარ გადაიტანს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება ნამდვილად ზრუნავს ქუთაისის მომავალზე, მაშინ ინვესტიცია უნდა ჩადოს ქალაქის ცენტრში მიტოვებულ შენობებში და განავითაროს ქალაქი. ერთ-ერთ ასეთ შენობად შუშანიამ ხანძთელის ქუჩაზე ყოფილი ყაზარმა დაასახელა, რომლის გაყიდვასაც ქუთაისის მერია გასულ წელს ცდილობდა, მაგრამ მისი შეძენით არავინ დაინტერესდა.

რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა კოპიტნარის აეროპორტთან სასტუმროების ქსელის მოწყობა დაანონსა, რაც  აეროპორტთან სარკინიგზო ხაზის პროექტის ნაწილი იქნება. პრემიერის  თქმით, ქუთაისი მალე გახდება ტურისტული ჰაბი.

ამავე თემაზე: 

ქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი - გიორგი კვირიკაშვილი
Print