ახალი ამბები
"ინიციატივა არ ისჯება" - ფილმის პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში დოკუმენტური ფილმის "ინიციატივა არ ისჯება" პრეზენტაცია შედგა. 
ფილმში, კონკრეტული მაგალითების მიხედვით, ნაჩვენები იყო მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოში სათემო, საზოგადოებრივი ინიციატივების ისტორია და თვითორგანიზების გამოცდილება.

"ფილმში არის ორი შრე - წარსული გამოცდილება და დღეს რა პრობლემები წინაშე ვართ. აგრეთვე, თვითორგანიზებით როგორ ცდილობენ ადამიანთა ცალკეული ჯგუფები განავითარონ თავიანთი თემი", - ამბობს "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი.

დოკუმენტური ფილმი "სათემო განვითარების ცენტრის" კვლევას ("საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" პარტნიორობით) დაეფუძნა, რომლის შედეგად გამოცემულმა ორტომეულმა "ინიციატივა ცვლილებებისათვის" აჩვენა, რომ ამ დროს დაწყებულმა თვითმმართველობის, დემოკრატიზაციისა და განმანათლებლობის პროცესებმა საზოგადოებაში რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია და იგი მოწინავე, განვითარების შეუქცევად გზაზე შემდგარ ერთობად აქცია. თუმცა, ეს პროცესი ძალადობრივად შეწყვიტა საბჭოთა ოკუპაციამ 1921 წელს.



ფილმი "ინიციატივა არ ისჯება" (მომზადდა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით) გვაჩვენებს დღეს, ჩვენს საზოგადოებაში, რამდენად დარჩა მეხსიერება თვითმმართველობისა და ინიციატივის ისტორიის და კულტურის შესახებ, რა გამოწვევების წინაშე დგას სოფლის თემები და რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ისტორიული გამოცდილება დღევანდელ მოცემულობაში საზოგადოებრივი განვითარების პროცესისთვის ახალი სუნთქვის მისაცემად.

ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, ისტორიკოსმა, სულხან კუპრაშვილმა შეხვედრაზე ბიზნეს სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მსგავსი ფილმები ნახონ ბიზნესმენებმა, რომლებსაც რესურსი გააჩნიათ გარკვეული წვლილი შეიტანონ ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეების კეთებაში.

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ" დამსწრეებს, ასევე, გააცნო მათი პუბლიკაციები. შედგა მემორიალური ალბომის - "საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919" და ახალი პროექტის გეგმის - "წითელი ტერორის ტოპოგრაფია - ქუთაისი" პრეზენტაცია.
Print