ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტი 500 ლარით დააჯარიმეს
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  სტუდენტების პირადი ნომრების გასაჯაროვებისთვის დააჯარიმეს. სასწავლებელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატმა 500 ლარით დააჯარიმა. აპარატში აცხადებენ, რომ უნივერსიტეტმა ვერ მიუთითა სამართლებრივი მიზეზი, თუ რატომ მოხდა სტუდენტების პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის, პირადი ნომრების გასაჯაროვება.

"უნივერსიტეტმა ვერ მიუთითა და არც შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთა მონაცემთა გასაჯაროების სამართლებრივი საფუძველი. ინფორმაციის გასაჯაროვების მიზნად დასახელდა სტუდენტების ინფორმირება, თუმცა მონაცემთა დამუშავებელმა ვერ დაასაბუთა თუ რატომ არ იყო შესაძლებელი ამ მიზნის მიღწევა სტუდენტების ინდივიდუალური ინფორმირების გზით",  - აცხადებენ პრესონალურ მონაცემთა დაცვის აპრატში.

გარდა ჯარიმისა, წერეთლის უნივერსიტეტს დაევალა მიმდინარე წლის 30 ივნისამდე განსაზღვროს სტუდენტებისთვის მათი ფინანსური დავალიანების არსებობის და სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალურად მიწოდების სტანდარტული წესის, პროცედურის  და გატარებული ღონისძიებების შესახებ აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე ამბობს, რომ ჯარიმა სამართლიანია. რადგან, მისი თქმით, სასწავლებლის ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო პერსონალური მონაცემების დაცვა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის 10 იანვარს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფაზე, რამდენიმე საათით საჯაროდ განთავსდა უნივერსიტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების სია. აღნიშნული სია მოიცავდა 150-მდე სტუდენტის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ჯგუფის ნომერს, ფინანსური დავალიანების არსებობის და სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ ინფორმაციას.

სასწავლებელში საინფორმაციო დაფაზე განთავსებული სტუდენტების პირადი ინფორმაცის უნივერსიტეტის რექტორის დავალებით, მალევე ჩამოხსნეს, აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა სასწავლებელმაც დაიწყო და პირადი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე პასუხიმგებელ პირს სიტყვიერი გაფრთხილებაც მიეცა


ამავე თემაზე:


წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტების პირადი ნომრები გამოაქვეყნეს

წერეთლის უნივერსიტეტში სტუდენტების პირადი ნომრები ჩამოხსნეს - საქმეზე მოკვლევა დაიწყო
Print