ახალი ამბები
ქუთაისში პარკირების ადგილებზე აუქციონი მეოთხედ მომავალ კვირას გამოცხადდება
FaceBook
ქუთაისის მერია პარკირების ადგილებზე მეოთხედ აუქციონს მომავალ კვირას გამოაცხადებს. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ვიცე-მერმა, კოტე ქავთარაძემ განუცხადა.
მერიამ, საკრებულოს თანხმობით, აუქციონზე გატანილი პარკირების ადგილების საწყის ფასი (660 000 ლარი) 500 000-ლარამდე შეამცირა. პარალელურად მერია საკუთარი ორგანიზაციის დაფუძნებაზე მუშაობს, რომელიც ქალაქში პარკირებას გაუწევს ორგანიზებას.
თუმცა, ქუთაისის ვიცე-მერის განმარტებით, თვითმმართველობა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს უკვე შემცირებული ფასით აუქციონში მონაწილეობა მიიღონ.
"იმის გამო, რომ შემდეგ ზედმეტი კითხვები არ გაჩნდეს, კიდევ ერთხელ მივცემთ საშუალებას დაინტერესებულ პირებს მონაწილეობა მიიღონ აუქციონში ამჯერად უკვე შემცირებული ფასით," - განაცხადა კოტე ქავთარაძემ.
მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუკი აუქციონი ამჯერადაც ჩავარდება, საკუთარი ორგანიზაციის ჩამოყალიბებაზე მუშაობა მერიაში გაგრძელდება, რომლის ასპროცენტიანი წილის მფლობელი თავად მერია იქნება.
ქუთისის მერიამ პარკირების ადგილებზე აუქციონი მიმდინარე წლის მარტის თვიდან ამ დრომდე სამჯერ გამოაცხადა. თუმცა, სამივე ჯერზე აუქციონი უარყოფითი შედეგით დასრულდა.
ქუთაისში პარკირებისთვის 274 ადგილიდან, 197 საერთო სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეციალური ადგილები იქნება.
დეა მანაგაძე

Print