ახალი ამბები
„მერის სარეზერვო ფონდის ხარჯვა ეჭვებს იწვევს“ - საკრებულოს ოპოზიცია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია, მერის სარეზერვო ფონდის ხარჯვის გამჭვირვალობას ითხოვს.
საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, მერაბ მეშველიანმა,  ფონდიდან ბოლო სამ თვეში გაცემული თანხის სტატისტიკა წარმოადგინა და განაცხადა, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია მატერიალური დახმარებისთვის გაცემული თანხის რაოდენობა, რომელიც მნიშვნელოვნად აჭარბებს გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.

მერაბ მეშველიანი ეჭვობს, რომ შესაძლოა, ბიუჯეტის ფულით ის ადამიანები სარგებლობენ, ვისაც ეს რეალურად არ სჭირდება.
მისივე თქმით, აღმასრულებელმა ოფიციალური მიმართვის მიუხედავად იმ ადამიანების სია, ვინც მატერიალური დახმარება მიიღო, არ მიაწოდა, რაც ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

"ბოლო სამ თვეში მერიის სარეზერვო ფონდიდან, მხოლოდ მატერიალური დახმარების მიზნით 93 000 ლარი გაიცა. ერთ კვირაში კი, 14 000 ლარით იყო ეს ხარჯი გაზრდილი, რაც,  რა თქმა უნდა, იწვევს საფუძვლიან ეჭვს, ხომ არ სარგებლობს ვინმე ამ სიკეთით არასაჭიროებისამებრ, მაშინ, როცა უამრავი გაჭირვებული ადამიანია ქალაქში. ამიტომ, მოვითხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც ეს დახმარება მიიღო", - განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიასთვის გასულ წელს, სწორედ სარეზერვო ფონდიდან მატერიალური დახმარების სახით თანხის გაცემის ფაქტი გაიხსენა და განაცხადა, რომ ოპოზიციის რეალური ინტერესი სწორედ ასეთი შემთხვევების პრევენციას ეხება და არა სოციალურად დაუცველ ადამიანებს.

"გახსოვთ, ალბათ ბებიისთვის რომ მისცეს ზვიად ჯავახიას შარშან მატერიალური დახმარება. ასეთი ფაქტები რომ არ მოხდეს, ამას ემსახურება რეალურად ჩვენი მოთხოვნა", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა ვერ გაარკვიეს, აქვს თუ არა საკრებულოს წევრს უფლება, იცოდეს მატერიალური დახმარებით მოსარგებლე ადამიანის პირადი მონაცემები, სარეზერვო ფონდის გამჭვირვალედ ხარჯვაზე პასუხისმგებლობა საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ აიღო, რადგან ქალაქის მერი საკრებულოს სხდომას არც ამჯერად ესწრებოდა.

"პირველ რიგში ყველა ადამიანს სოციალური სტატუსის მიხედვით ეძლევა ეს დახმარება. მე გაძლევთ პიობას, რომ ნამდვილად გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარეთ", - განაცხადა ნიკა ლატარიამ.

მოგვიანებით, განმარტება ქალაქის მერის მოადგილემ გააკეთა. ნინო თვალთვაძემ ოპოზიციისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი ბენეფიციარების სოციალური და ზოგ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნა, რომლებსაც მისი თქმით, არ სურთ, რომ ინფორმაცია მათ შესახებ საჯარო იყოს.

2018 წელს მერიის სარეზერვო ფონდის მოცულობა 500 000 ლარს შეადგენს.
Print