ახალი ამბები
„ეკოლოგიურად დაბინძურებულ ქალაქში ქუთაისის მერია ათასობით ხეს ჭრის“ - „ნაციონალური მოძრაობა“
FaceBook
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისში ხეების მოჭრა გააპროტესტა. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, გასულ წელს მერიის ნებართვით ქალაქში 2037 ძირი ხე მოიჭრა.
მისივე თქმით, დაახლოებით ამდენივეა უნებართვოდ მოჭრილი ხეების რაოდენობა.

გიგა შუშანია მიიჩნევს, რომ ქალაქში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია, ხელისუფლების ასეთი ქმედება დანაშაულია.

"ორი ათას ძირზე მეტი ხეა მოჭრილი მერიის ნებართვით და ამდენივე უნებართვოდ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ნებართვის გარეშე მოიჭრა ხეები. მაშინ,  როცა, ქუთაისი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქი, ხელისუფლება მწვანე საფარის მოვლის ნაცვლად, ათასობით ძირ ხეს ჭრის", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

მისივე თქმით, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, ქუთაისის მერიამ გასულ წელს მხოლოდ ერთი სკვერი, საფიჩხიის ტერიტორიულ ორგანოში მოაწყო.

"ნაციონალური მოძრაობა" ქალაქის ხელისუფლებას მოუწოდებს მოჭრილი ხეების ნაცვლად, იგივე ჯიხის ხეები დარგოს. 

ქუთაისის მერიაში განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ქუთაისში უნებართვოდ ხეების მოჭრის ერთ-ერთი ბოლო ფაქტი გასულ წელს,  ფალიაშვილის ქუჩაზე დაფიქსირდა, სადაც სამსართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის გამო, მეპატრონემ სამი ხე მოჭრა.


ქუთაისში, ადგილზე, სადაც სავაჭრო ცენტრი შენდება, სამი ხე მოჭრეს
Print