ახალი ამბები
„ვგეგმავთ პედაგოგების გადამზადებას ინკლუზიური მიმართულებით“- მერის მოადგილე 23-ე ბაღში მომხდარზე
FaceBook
ქუთაისის # 23-ე ბაღში, აუტისტური სპექტრის მქონე აღსაზრდელი, რომელიც მშობლების მოთხოვნით სხვა ჯგუფში გადაიყვანეს, მერის მოადგილემ მოინახულა. ნინო თვალთვაძის თქმით, მოზარდი თავს კარგად გრძნობს. ადგილობრივი ხელისუფლება კი პედაგოგების ინკლუზიური განათლების მიმართულებით გადამზადებას გეგმავს.

"გავეცანით სიტუაციას და შევხვდით მშობელს, რომელთან დაკავშირებითაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის შვილს გარკვეული პრობლემები შეექმნა. საკუთარი თვალით ვნახეთ რომ ბავშვს არანაირი პრობლემა არ გააჩნია. ჩვენი მხრიდან ნებისმიერი საშუალებით რაც თვითმმართველობას შეუძლია, დავეხმარებით. ბაღს ჰყავს გადამზადებული სპეციალიზებული პედაგოგი და ვგეგმავთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს მიმართულება რომ სრულყოფილად მოხდეს ამ, ბავშვების ინტეგრაცია ჩვენს საზოგადოებაში," - ამბობს მერის მოადგილე, ნინო თვალთვაძე.

ქუთაისის # 23-ე ბაღში, აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდი ამავე ჯგუფის აღსაზრდელების მშობლების მოთხოვნით, სხვა ჯგუფში გადაიყვანეს. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას წინ აუტისტი ბავშვისა და სხვა აღსაზრდელების მშობლებს შორის კონფლიქტი უძღოდა.

ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელის, დავით წიტაიშვილის თქმით, კონფლიქტის მიზეზი მოზარდის ჰიპერაქტიურობა გახდა.

"არის ჰიპერაქტიური. ზოგჯერ, რაღაც საგნებს ესროდა მოზარდებს. ამის გამო, ამ ბავშვისა და სხვა აღსაზრდელების მშობლებს შორის კონფქლიტი დაიწყო, თუმცა, მშობლებს არ მოუთხოვიათ მისი გადაყვანა. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ, რომ აგვერიდებინა თავიდან კონფლიქტური სიტუაცია", - განაცხადა ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა. მისი თქმით, მოზარდთან ფსიქოლოგი მუშაობს და მას ახალ ჯგუფში პრობლემები არ აქვს.

#23-ე საბავშვო ბაღში სპეციალური საჭიროების მქონე 11 აღსაზრდელი სწავლობს.


ამავე თემაზე:


ქუთაისის საბავშვო ბაღში, აუტისტი ბავშვი, მშობლების მოთხოვნით სხვა ჯგუფში გადაიყვანეს
Print