ახალი ამბები
ქუთაისში მოსწავლეებს თავდაცვის აკადემიისა და შეიარაღებული ძალების შესახებ ლექცია ჩაუტარდათ
FaceBook
ქუთაისის პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ქართული შეირაღებული ძალების შესახებ ლექცია ჩაუტარდათ.

ღონისძიება, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ერთი მათგანი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორიას, სტრუქტურასა და საგანმანათლებლო პროგრამებს შეეხებოდა.

მეორე ნაწილში კი, საჯარო სკოლების უფროსკლასელებს ქვეყნის განვითარებაში შეიარაღებული ძალების მნიშვნელობასა და როლზე, ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში უფროსი ლეიტენანტი, გიორგი ქავთარაძე ესაუბრა, რომელიც ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამინისტროს წარმომადგენელი და ამავე დროს პროექტის კოორდინატორია.

მოსწავლეებმა, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ, განაცხადეს, რომ შეხვედრაზე ბევრი სიახლე გაიგეს.

"განსაკუთრებით საინტერესო იყო თავდაცვის აკადემიის პროგრამების და სამხედრო საერთაშორისო მისიების შესახებ ინფორმაციის მოსმენა. ზოგადად, ორივე ნაწილი იყო ძალიან საინტერესო," - განაცხადა ქუთაისის #1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი ონიანმა.

ეროვნული თავდაცვის აკადემია საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში მსგავს გასვლით შეხვედრებს ყოველწლიურად აწყობს.

პროექტის ხელმძღვანელი, მარიამ დარბაიძე ამბობს, რომ შეხვედრის მიზანი სამხედრო უნივერსიტეტის შესახებ აბიტურიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ასევე, შეიარაღებული ძალების როლის გაშუქებაა.

"ვინც გამოთქვამს აკადემიაში ექსკურსიის სურვილს, შეგვიძლია ჩავუტაროთ ექსკურსია და დავათვალიერებინოთ აკადემია," - ამბობს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მარიამ დარბაიძე.

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლაში ორი დღის განმავლობაში ჩატარდება.


Print