ახალი ამბები
ქუთაისში თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტზე იმსჯელეს
FaceBook
ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს თვითმმართველობის კოდექსში შესატან იმ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობის დამატებით ფორმებს ეხება.

კანონპროექტი "მოქალაქეთა ჩართულობის დამატებითი ფორმების" შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ არის მომზადებული, რომელიც თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის მონაწილეობის ახალი ფორმების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მათ შორის არის დასახლებების საერთო კრებები, მრჩეველთა საბჭოების ჩამოყალიბება, პრეტიცის წარგდენის წესი და ფორმები, ასევე, მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდებზე საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების საკითხი, ანგარიშები და მოსახლეობის მეტად ჩართულობისთვის კანონპროექტში არსებული სხვა საკითხები.
თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა ადგილობრივ არასამთავრობო, სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.
ცენტრის თავმჯდომარის კოტე კანდელაკის თქმით, მსგავსი შეხვედრები და გამოთქმული მოსაზრებების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საბოლოოდ სრულყოფილი და ყველასათვის მისაღები კანონი იქნეს მიღებული.
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია. საკანონმდებლო ორგანო მის განხილვას სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყებს.
მანამდე კი მსგავს შეხვედრებზე გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი" პარლამენტს მიაწოდებს.
"სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრიის მიერ ორანიზებული შეხვედრა ," ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო-ს" მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში დეცენტრალიზაციის რეფორმის ხელშეწყობა" ფარგლებში ჩატარდა. .
მსგავსი სახის შეხვედრებს აღნიშნული ორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ატარებს.

Print