ახალი ამბები
პარლამენტმა გენდერულ კვოტირებაზე კანონპროექტი არ დაამტკიცა
FaceBook
საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შესატანად საჭირო იყო 75 ხმა. კანონპროექტს 66-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 14-მა კი წინააღმდეგ მისცა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი მომავალ კვირას აუცილებლად დაუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს და კანონპრორექტის ინიცირებას უმრავლესობა მოახდენს.

"მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს. იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ვერ შედგა შეთანხმება. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა ორგანული კვოტირების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს. პრინციპი იქნება იგივე - 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში, 2024 წლის მოწვევის პარლამენტში 1/3 წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა კობახიძემ.

"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები, რომელიც პარლამენტის მიერ დღეს უარყოფილ იქნა, 37 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერით, საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებოდათ დაეცვათ სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი ყოფილიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას დაუბრუნებდა სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლიდა. 

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print