ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღში, აუტისტი ბავშვი, მშობლების მოთხოვნით სხვა ჯგუფში გადაიყვანეს
FaceBook
ქუთაისის #23-ე საბავშვო ბაღში, აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდი, კლასის აღსაზრდელების მშობლების მოთხოვნით,  სხვა ჯგუფში გადაიყვანეს.
როგორც ირკვევა, ბაღის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდისა და ჯგუფის სხვა აღსაზრდელების მშობლებს შორის კონფლიქტი დაიწყო. როგორც ააიპ "ბაგა-ბაღების" გაერთიანებაში ამბობენ, კონფლიქტის მიზეზი მოზარდის ჰიპერაქტიურობა გახდა.

"არის ჰიპერაქტიური ბავშვი.ზოგჯერ რაღაც საგნებს ესროდა მოზარდებს. ამის გამო, ამ ბავშვისა და სხვა აღსაზრდელების მშობლებს შორის კონფქლიტი დაიწყო, თუმცა, მშობლებს არ მოუთხოვიათ მისი გადაყვანა. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ, რომ აგვერიდებინა თავიდან კონფლიქტური სიტუაცია", - ამბობს ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი.

მისივე თქმით, ახალ ჯგუფში მოზარდს პრობლემები არ აქვს და მისი გადაყვანა სხვა აღსაზრდელების მშობლებს არ გაუპროტესტებიათ.

"ჩვენ უფასო ფსიქოლოგი დავუნიშნეთ და მედიკამენტოზურ დახმარებასაც ვუწევთ. მისი და სხვა აღსაზრდელების მშობლებიც კმაყოფილები არიან. ახალ ჯგუფში არავითარი პრობლემა არ აქვს", - ამბობს დავით წიტაიშვილი.

#23-ე საბავშვო ბაღში სპეციალური საჭიროების მქონე 11 აღსაზრდელი სწავლობს.

Print