ახალი ამბები
"ქუთაისში მიზიდულობის ცენტრს ვქმნით" - პროექტი, რომელმაც ტურიზმი უნდა განავითაროს
FaceBook
"ქუთაისში მიზიდულობის ცენტრს ვქმნით, ტურისტებმა უნდა შეძლონ ორი, მაქსიმუმ ორ-საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერ ტურისტული დანიშნულების ადგილამდე მისვლა კომფორტული და უსაფრთხო გზით. წელს ვიწყებთ პირველად სამუშაოებს ბაღდათიდან აბასთუმნის მიმართულებით. პროექტებს ვიღებთ ნაწილ-ნაწილ და როგორც კი შემოგვდის, მაშინვე ვიწყებთ სატენდერო პროცედურებს," - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განაცხადა.

ბაღდათი–აბასთუმნის გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ქუთაისიდან კურორტამდე ვიზიტორები საათნახევრით შემცირებულ დროში მივლენ.

პროექტის თაობაზე საქართველოს გზების დეპარტამენტში "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, რომ ამ დროისთვის ბაღდათი–აბასთუმნის გზის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლის მოსაწყობადაც სავარაუდოდ,  60 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

"რა თანხით განხორციელდება მშენებლობა, ჯერ დაზუსტებული არ არის, საუბარია 60 მილიონ ლარზე, თუმცა ზუსტი ციფრები, როგორც კი ტენდერი გამოცხადდება მაშინვე გახდება ცნობილი," - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. მათივე ცნობით, ბაღდათი-აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მონაკვეთებად სრულდება და სავარაუდოდ ამ მუშაობა კვლავ ამ პრინციპით გაგრძელდება.

"ქუთაისის მხარეს 20 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა უკვე დასრულებულია, ადიგენის მუნიციპალიტეტში კი ხუთი კილომეტრზე დაიგო გზა. დანარჩენ 60 კილომეტრზე ტენდერი ერთიანად გამოცხადდება თუ არა, ჯერ არ ვიცით, შესაძლოა, მონაკვეთებად დაიყოს," - ამბობენ დეპარტამენტის პრესსამსახურში.

ამ ეტაპზე ასევე დასრულებულია ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის რეაბილიტაცია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია) - ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის მოწყობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 992 801 ლარი დაიხარჯა. გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ნოემბერში დაიწყო.

ტერიტორიის რეაბილიტირებული მონაკვეთი აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალს გაივლის.

გზის რეაბილიტაციის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლები და ტურისტები განახლებული და კომფორტული გზით ისარგებლებენ.



Print