ახალი ამბები
ქუთაისში "ნიკო კეცხოველის პრემიის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ
FaceBook
"ნიკო კეცხოველის პრემია" 2018-ის | ადგილის მფლობელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლაითურის საჯარო სკოლა, || ადგილის მარნეულის - მარადისი, ხოლო ||| ადგილის ოკუპირებული გალის რაიონის ოტობაიას სკოლა გახდა.
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია ტყის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ქუთაისში, პარლამენტის შენობაში დღეს გაიმართა.

მიმდინარე წლის კონკურსში საქართველოს ყველა რეგიონიდან დარეგისტრირებული 700 სკოლიდან, ნახევარფინალურ ეტაპზე 128 სკოლა გადავიდა, ხოლო ფინალისთვის 29 სკოლა შეირჩა.

29 ფინალისტი სკოლიდან 3 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა. კონკურსში მონაწილე მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე ვიდეომიმართვები და მათ მიერ განხორციელებული „მწვანე ინიციატივების“ შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს მთელი წლის განმავლობაში გარემოსდაცვითი განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მდგრადი ტურიზმისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში ეჯიბრებოდნენ.

ნიკო კეცხოველის კონკურსი გარემოსდაცვითი სასკოლო კონკურსია, რომელიც 2014 წელს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) მიერ პროექტის „ტყის მდგრადი მართვა“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტო ფინანსური მხარდაჭერით (ADC) დაარსდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, ფინალში მონაწილე საჯარო სკოლების მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციით გაფორმებული კერამიკული მინიატურა ეროვნული სატყეო სააგენტოს რჩეულს, გორის N12 საჯარო სკოლას გადაეცა.

კონკურსის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

დაჯილდოების ცერემონიას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა ესწრებოდნენ.

Print