ახალი ამბები
"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისის ბინადრები
FaceBook
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში, რომელიც ერთი წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში, ავარიულ მდგომარეობაშია. "ტუალეტიდან ჭერი ჩამოვარდა და ქალს თავზე დაეცა, საბედნიეროდ, გადარჩა, ამ ამბიდან ორ დღეში მუნიციპალიტეტიდან მოვიდნენ და შეაკეთეს,  მაგრამ შენობიდან ბათქაში  ცვივა ხოლმე. ერთი წლის შესახლებულები ვართ და უკვე ინგრევა. მიგვაჩნია,  რომ აქ ჩვენი ცხოვრება საფრთხის შემცველია ," - ამბობს საცხოვრისის ბინადარი,  მირანდა ნემსიწვერიძე.

ადგილობრივების თქმით, ობიექტის მდგრადობის დასაგენად შენობისთვის ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავენ.

"ჯერ ექსპერტიზის პასუხს დაველოდებით, იმედია ქვეყანა ჩალით არაა გადახურული და არც ერთი თავმოყვარე ექსპერტი არ შეაფასებს ამ საცხოვრისს
დადებითად. დასკვნის შემდეგ, მოვითხოვთ ან ამ ხარვეზების გამოსწორებას, ან ალტერნატიულ ფართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავკეტავთ ნიკეას
ქუჩას და ყოველდღიურ აქციებს მოვაწყობთ," - ამბობენ სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ სოციალური საცხოვრისი წინა ხელისუფლებამ ჩაიბარა და კომპანიამ, რომელმაც სამუშაოები შეასრულა, ბევრი შეცდომა დაუშვა.

"ძალიან ბევრი პრობლემაა სოციალურ საცხოვრისში და ეს ჩვენთვის ცნობილია, ამიტომ ვამზადებთ ქალაქის მერის სახელზე წერილს, რომლის თანახმადაც დავიწყებთ ამ ობიექტზე არსებული პრობლემების შესწავლას, რათა დროულად მოხდეს მათი გადაწყვეტა," - ამბობს მერიის საბინაო სამსახურის უფროსი, ჯონი არაბიძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ასევე, ამბობენ, რომ  კომპანიის მიერ საგარანტიო თანხის სახით ბიუჯეტში ჩადებულია 528 000 ლარი  და მას  ხარვეზების აღმოფხვრა ამ თანხით მოუწევს. 

ქუთაისის მერიამ ქალაქში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი 2016 წლს გამოაცხადა. კონკურსის შედეგად ნიკეას ქუჩაზე, კავშირგაბმულობის
ყოფილი შენობის რეაბილიტაცია შპს " სანოს" დაევალა. კომპანიას ქუთაისის მერიამ პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი გადაუხადა, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.

რატომ გაჩნდა ხარვეზები ერთი წლის წინ აშენებულ ობიექტზე, ამ კითხვით "ქუთაისიპოსტი" შპს "სანოს" წარმომადგენლობას დაუკავშირდა, თუმცაკომპანიაში აცხადებენ, რომ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს შეხვდებიან და შენობაში არსებულ პრობლემებს გაეცნობიან.



ამავე თემაზე:

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა



| Print |