ახალი ამბები
ტყიბულში მეზობლის მიერ დამწვარი მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
FaceBook
ტყიბულში სოფელ მუხურაში მეზობლის მიერ დამწვარი მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა. სოფელ მუხურას წარმომადგენლის თქმით, ამ დრომდე დაზარალებული რთულ მდგომარეობაში რჩება.

"მკურნალი ექიმი ამბობს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა, ისევ რთულ მდგომარეობაშია და  უტარდება მკურნალობა. თუმცა, უკეთესობა ჯერ არ არის. ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზე, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება",  -  ამბობს გამგებლის წარმომადგენელი მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზაზა ყვავაძე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში, მძინარე მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

შემთხვევა 18 მარტს მოხდა. დაზარალებული მკურნალობას თბილისში გადის. მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება კი საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს. ტყიბულში მეზობლის მიერ დამწვარი მამაკაცის ახლობლები და მეზობლები ბრალდებულის, თამაზ ქურციკიძის ოჯახის გადასახლებას ითხოვენ.

სოფელ მუხურაში ჰყვებიან, რომ კონფლიქტი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც დაზარალებულმა ეჭვმიტანილის შვილს ტრაქტორის საჭესთან დაჯდომა თხოვა, რა დროსაც 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მას შემდეგ თამაზ ქურციკიძე შვილის გარდაცვალებაში მეზობელს ადანაშაულებდა.ადგილობრივები ამბობენ, რომ 18 მარტს, საღამოს დაზარალებულს წყაროსთან ჩაეძინა, რა დროსაც ჩუმად მიეპარა, ბოთლით საწვავი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მუხურაში ეჭვმიტანილს კონფლიქტურ პიროვნებად ახასიათებენ.


მავე თემაზე:

ტყიბულში მეზობლის მიერ დამწვარი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ტყიბულში მამაკაცს მეზობელმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

ტყიბულში მეზობლის მიერ დამწვარი მამაკაცის ახლობლები ბრალდებულის ოჯახის გასახლებას ითხოვენ
Print