ახალი ამბები
ტყიბულში მეორე საჯარო სკოლისთვის ახალ შენობას ააშენებენ
FaceBook
ტყიბულში, მეორე საჯარო სკოლის ამორტიზებულ შენობას ახალი ჩაანაცვლებს. სკოლის დირექტორის მეგი ქათამაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ მიიღო. 
"ობიექტის პროექტირება წლის ბოლომდე დასრულდება და შემდეგ დაიწყება მშენებლობა," - ამბობს სკოლის დირექტორი.

მისი თქმით, მშენებლობის დაწყებამდე ჯერ სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, ობიექტის დანგრევის აუცილებლობაზე დასკვნა 2017 წელს საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტმა შეადგინა. დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი და ექსპლუატაციისათვის საფრთხის შემცველი გახლდათ.

სკოლის შენობის გარეშე დარჩენილი 119 მოსაწავლე ჯერ კიდევ სეტემბერში ტყიბულის პირველ საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში გადაიყვანეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. მოსწავლეები და მშობლები დღის სამი საათიდან რვა საათამდე საგაკვეთილო პროცესის დილის სმენაში დაბრუნებას და ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვდნენ.

სწორედ ამ მოთხოვნების შესრულების მიზნით გასული წლის 15 სექტემბერს ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ შევიდა. სკოლის მოსწავლეები და მშობლები აცხადებდნენ, რომ იქამდე, ვიდრე ბავშვებს დილის ცვლაში არ დააბრუნებდნენ, შვილებს სკოლაში არ გაუშვებდნენ.

სასწავლო პროცესის რამდენიმე კვირიანი გაცდენისა და სათადარიგო შენობის ძიების შემდეგ, საბოლოოდ სკოლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტში გადაიყვანეს და სწავლა ჩვეულ რეჟიმში, დილის ცვლაში სწავლობენ.

ვიდრე, საქართველოს განათლების სამინისტრო ტყიბულის N 2 საჯარო სკოლოსთვის ახალი შენობის აშენებას გადაწყვეტდა, ადგილობრივები ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ ამ სკოლის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება იგეგმებოდა.

ტყიბულის მეორე საჯარო სკოლის 71 წლიან შენობას სრული რეაბილიტაცია მისი დაარსების დღიდან არ ჩატარებია.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სულ 26, ხოლო თავად ტყიბულში 6 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.

ამავე თემაზე:

სკოლის შენობა, რომელიც, შესაძლოა, სასტუმრომ ჩაანაცვლოს

შენობის გარეშე დარჩენილ 119 მოსწავლეს ტყიბულში კერძო ობიექტი უსასყიდლოდ დაუთმეს (ფოტო)

ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესი მშობლების პროტესტით დაიწყო

Print