ახალი ამბები
"ჭიღვარიას კაბინეტში გადაწყდა ჩემი გაშვება"- ააიპიდან გათავისუფლებული თანამშრომელი
FaceBook
"ლეიბორისტული პარტიის" წევრი და ქუთაისის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი კიკვაძე, ქუთაისის მერიას სამსახურიდნ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, მისი გათავისუფლება ქალაქის მერის, გიორგი ჭიღავრიას კაბინეტში გადაწყდა, სპორტული ააიპის ახალმა ხელმძღვანელმა, კობა ფხაკაძემ კი, დავალება შეასრულა.

"როდესაც მერიაში გაუქმდა კუტურის სამსახური, ყველა თანამშრომელი გადავედით სპორტულ ააიპში და მაშინ მივიღეთ დაპირება ქალაქის მერისგან, რომ შევინარჩუნებდით სამსახურს. თუმცა, სამ თვეში 20 თანამშრომლიდან მხოლოდ მე შემიწყვიტეს ხელშეკრულება. ეს გადაწყდა პირადად გიორგი ჭიღავრიას კაბინეტში, რადგან სპორტის განყოფილებაში მე ვიყავი ერთადერთი, ვინც არ ვიზიარებდი და არ ვატარებდი მათ პოლიტიკას", - ამბობს ირაკლი კიკვაძე.

მისი თქმით, კულტურის სამსახურის გაუქმება თავიდანვე პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან იქაც იყო რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც არ იყო "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამტარებელი. ამის გამო, გიორგი ჭიღავრიამ სამსახური დაშალა და არასასურველი თანამშრომლები მოიშორა.

ირაკლი კიკვაძე სპორტული ააიპის ახალ ხელმძღვანელს, რომელმაც მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს და "ქართული ოცნების" ზონდერს უწოდებს.

"ეს არის ჩვეულებრივი ზონდერი. მას არ აქვს არანაირი კვალიფიკაცია და მისი ერთადერთი დანიშნულება არის დავალების შესრულება. დანიშვნის დღიდან ჩემს მიმართ ახორციელებდა პროვოკაციულ ქმედებებს, მცირე დეტალებზე მიქმნიდა პრობლემებს, რაც იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მოტივირებული",- განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.

ბრალდებებს უარყოფს სპორტის ააიპ დაწესებულების ხემძღვანელი. კობა ფხაკაძე ამბობს, რომ ირაკლი კიკვაძე სამსახურში გამოსაცდელი ვადით იყო აყვანილი და მისი გათავისუფლება ნებისმიერ დროს შეეძლო. ამასთან, ფხაკაძე არ უარყოფს, რომ დაწესებულებაში ამ დრომდე არიან გამოსაცდელი ვადით აყვანილი თანამშრომლები, თუმცა, კიკვაძის გარდა არავინ გაუთავისუფლებია.

"რეორგანიზაციის ფარგლებში მე შემეძლო ნებისმიერი თანამშრომელი გამეთავისუფლებია და შრომის კოდექსი არ მავალდებულებს ამის საფუძვლის ახსნას, მაგრამ მე აქ ვიტოვებ ისეთ თანამშრომლებს, ვინც იცის და ერკვევა თავის საქმეში. სხვებიც მყავს გამოსაცდელი ვადით, მაგრამ ზოგიერთები უკვე გადავიყვანე შტატში, რადგან შეიქმნა შტატები და აღარ იყო საჭირო ხელშეკრულებით მათი დატოვება. პოლიტიკური შეხედულების მიხედვით რომ არ ვათავისუფლებ ადამიანებს, ამას მოწმობს ის, რომ ირაკლი კიკვაძის და დღემდე ჩვენს დაწესებულებაში მუშაობს.

კიკვაძე ბოლო დღეებია არაადეკვატური განცხადებებით გამოირჩევა. რაც შეეხება, ჩემს ზონდერობას ეს აბსურდია და არასოდეს ჩემი ცხოვრების მანძილზე მსგავსს ქმედებას ადგილი არ ჰქონია და როდესაც ასეთ ბრალდებებზე საუბრობ მისი დასაბუთებაც უნდა შეგეძლოს რადგან დიდი უპასუხისმგებლობაა ადამიანების შეცდომაში შეყვანა. სწორედ რომ კიკვაძე ვერ ისაუბრებს ჩემს კვალიფიკაციაზე არასათანადოდ , რადგან 22 წლიანი სპორტული მოღვაწეობა მაქვს, ვარ მსოფლიოს და ევროპის ფინალისტი. ბოლო 2 წელი ვმუშაობდი ქალაქ ხონის ააიპ სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრის დირექტორად",  - ამბობს კობა ფხაკაძე.

ირაკლი კიკვაძე სამსახურიდან გათვისუფლების შესახებ ბრძანებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

Print